ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგლოევით იმედგაცრუება და ბიბილოვის დაბრუნების შანსები

31 აგვისტო, 2023 • 2696
გაგლოევით იმედგაცრუება და ბიბილოვის დაბრუნების შანსები

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


სამხრეთ ოსეთში [დე ფაქტო] რამდენიმე თვის წინ დანიშნული პრეზიდენტით იმედგაცრუება, ყოფილი პრეზიდენტის, ბიბილოვის დაბრუნების შანსებს ზრდის.

26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა განცხადება გააკეთა, რომელიც ადგილობრივების აზრით, ნიშანდობლივია, როგორც კონსტანტაცია საბოლოო დაშლის იმ კოალიციისა, რომელმაც გაგლოევი ხელისუფლებაში მიიყვანა.  

“არაფერი ხდება შემთხვევით, განსაკუთრებით სახელმწიფო მშენებლობის საქმეში. მასში არ არსებობს დამთხვევები, წარმატება კი მხოლოდ მკაფიო მიზანსწრაფულობით, საზოგადოების კონსოლიდაციითა და მმართველობის სისტემის ნორმალური მუშაობით მიიღწევა. ზემოთჩამოთვლილიდან რესპუბლიკაში დღეს არაფერია, რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ცვლილებები. საზოგადოება ამ ცვლილებებს მოქმედი ხელისუფლებისგან მოელოდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა და არც გამართლდება”. 

დეპუტატმა სანაკოევმა ეს სიტყვები მედია-ცენტრ “ირ”-იში თქვა ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების 15 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არსებითად, ეს განცხადება საპრეზიდენტო კოალიციიდან მისი დამფუძნებლების [2019 წელს] და ალან გაგლოევის ერთგული თანამბრძოლის გასვლაზეა.

ადგილობრივი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ სანაკოევი არაა ერთადერთი, რომელიც იმედგაცრუებულია გაგლოევის პრეზიდენტობით. მათ შორის ბევრი, ვინც გაგლოევს მხარს უჭერდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ოპოზიციაში გადავა ან ყოფილი ფავორიტისგან დისტანცირდება. 

არჩევნებში გაგლოევის გამარჯვების ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ მის უკან რომელიმე ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, გათვლებით პერსპექტივაზე, საკუთარი კადრებით არ მდგარა და ა.შ. მან ბიბილოვის ავტორიტარულ-მაფიოზური რეჟიმის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტის ტალღაზე გაიმარჯვა.

ამ ვითარებაში ანატოლი ბიბილოვის ნებისმიერი ალტერნატივა, რომელიც მასთან ერთად მეორე ტურში გავიდოდა, ავტომატურად იღებდა აუტსაიდერი კანდიდატების ყველა საპროტესტო ხმას, თან წინასწარი პირობების გარეშე. შექმნილ სიტუაციაში, მათ ვეღარ შესთავაზეს საკუთარ ამომრჩეველს ბიბილოვისთვის ხმის მიცემა.

შესაბამისად, გაგლოევი, მოულოდნელად, ელექტორატის ლიდერი გახდა, რომელიც, საერთო ჯამში, თხუთმეტმა კანდიდატმა წარადგინა: მათ შორის 13-ს ბიბილოვის განკარგულებით ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა, სამი მათგანი კი მეორე ტურში ვერ გადავიდა.

მათგან არცერთი ფლობდა რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს, თუმცა, ყველამ ერთად ხმების 56%-ის დაგროვება შეძლო ალან გაგლოევისთვის,  ბიბილოვმა კი – 41%. 

კოალიციაში უთანხმოება საპარლამენტო არჩევნებამდე [2024 წლის ივნისი] ასუსტებს პრეზიდენტის პოზიციასაც და მათ პოზიციასაც, ვინც მისგან დისტანცირდება. გაგლოევის ყოფილი თანამებრძოლები რისკავენ პარლამენტის მიღმა დარჩნენ, საუკეთესო შემთხვევაში კი, საკანონმდებლო ორგანოში სიმბოლური წარმომადგენლობით იქნებიან წარმოდგენილი. 

ეს ყველას ესმის, თუმცა, აღნიშნავენ, რომ არ აქვთ არჩევანი, – თუ წინასაარჩევნო დებატებზე პრეზიდენტს დაუჭერენ მხარს, მათი შანსები წარმატებაზე კიდევ უფრო შემცირდება. ალან გაგლოევმა სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მოახერხა ამომრჩევლის სიმპატიების დაკარგვა. 

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა დაიწყო დაშორება იმათგან, ვინც მას გამარჯვებაში დაეხმარა. თანამებრძოლებს მასთან მიღებაზე მოხვედრა ან ტელეფონით დაკავშირებაც ვეღარ შეეძლოთ. მათ აცნობეს, რომ ამიერიდან ყველა საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ალან ჯიოევს უნდა მიმართონ. ჯიოევი კი, რომელიც შეხვედრაზე არავის ეუბნება უარს და არავის არაფერს პირდება – უბრალოდ ყველაფერს აფერხებს, ამუხრუჭებს. შედეგად, როგორც წყაროები ამბობენ, ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობა პარალიზებულია. 

წინასაარჩევნოდ გაგლოევი შეპირდა ამომრჩეველს პროკურატურა დაეყო გამოძიებასა და ზედამხედველობაზე, რათა ძალოვნების თვითნებობისთვის მოეღო ბოლო. ასევე, შეპირდა პარლამენტთან გაეყო გენერალური პროკურორის დათხოვნის უფლება იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორის საქმიანობა დეპუტატებისთვის მიუღებელი იქნებოდა. 

თავად ის ითხოვდა ამას ბიბილოვისგან ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლის დროსაც. პრეზიდენტად არჩევისას გაგლოევს ეს მაინც რომ გაეკეთებინა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობენ, მას ეროვნულ ლიდერად გამოაცხადებდნენ. 

“როგორც ჩანს, მან არ იცის, რატომ აირჩიეს პრეზიდენტად”, – ამბობენ მისი უკვე ყოფილი მოკავშირეები. 

ადგილობრივი კანონის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიებით მონაწილეობისთვის, პარტია არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა დარეგისტრირდეს, ანუ ეს 2023 წლის ივნისის პირველ რიცხვებამდე იყო შესაძლებელი. ამიტომაც, ზაფხული დაიწყო იმით, რომ გაგლოევის უკვე ყოფილი მხარდამჭერები გაიქცნენ იუსტიციის სამინისტროში საკუთარი მცირე პარტიების დასარეგისტრირებლად. საბოლოოდ, სულ ხუთი ახალი პარტია დარეგისტირდა. 

მათ შორისაა, პარტია “სამართლიანობისთვის”, რომლის თავმჯდომარეა გარი მულადოვი. ის მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, მეორე ტურში საკუთარ ამომრჩეველს გაგლოევისთვის მხარდაჭერა სთხოვა.

ასევე, სოციალისტური პარტია “ირონი”. მისი თავმჯდომარე გიორგი კაბისოვია, კავშირისა და ინფორმაციის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ბიბილოვის დროს ხუთი წელი იხდიდა სასჯელს. პრეზიდენტი ითხოვდა მისგან სოლიდურ თანხას, თუმცა, კაბისოვმა არ დათმო. გაგლოევის მოსვლის შემდეგ, კაბისოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის პრეტენზიას, უპირველეს ყოვლისა ედუარდ კოკოითის ელქტორატის ხმებზე აცხადებს. რა თქმა უნდა, თუ თავად კოკოითი არ ჩაერევა საარჩევნო კამპანიაში და მხარდამჭერებს სხვა პარტიის მხარდაჭერას არ მოუწოდებს. 

კიდევ ერთი, მაისში დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა  – “ირი ფარნი” [ხოხ ჩოჩიევის, ბორის ჩოჩიევის შვილის ხელმძღვანელობით], რომელიც აფელირებულია რუსეთის ფედერაციის მთავარ ყოფილ ტრენერ ჯამბულატ თედეევთან. 

თედეევი და კოკოითი – ორი ერთმანეთში კონკურირებადი პოლიტიკურად მძიმეწონიანი პერსონა, სამხრეთ ოსეთში წარმატებით წყვეტდა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიების დროს კანდიდატების ბედს. 

ცხადია, მათი მთავარი ამოცანაა გაუქმდეს ცენზი [დეპუტატისთვის 5 წელი მუდმივად ცხოვრება სამხრეთ ოსეთში, პრეზიდენტისთვის  – 10], რათა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

მაისში დარეგისტრირდა კიდევ ორი პარტია «Ирыстоны Ног Фæлтæр», (ახალი თაობა), რომლის თავმჯდომარეცაა კონსტანტინე პლიევი და “განვითარების პარტია”, სერგეი ვალიევის თავმჯდომარეობით.

ამ პარტიების აქტივი მონაწილებდა ბიბილოვის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მიტინგებში, ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნებზე ისინი ასევე პრეტენზიას გამოთქვამენ იმ ელექტორატის ხმებზე, ვინც გაგლოევი ხელისუფლებაში მოიყვანა.

წლის დასაწყისში კიდევ ერთი პარტია “სამართლიანი ოსეთი” დარეგისტირდა ცხინვალის მკვიდრის დომბაი გასიევის ინიციატივით, თუმცა, რეგისტრაციიდან მალევე გასიევი გარდაიცვალა და ამჟამად, უცნობია, რა ბედი ელის პარტიას.

სულ თორმეტი “ძველი” და “ახალი” პარტია იბრძოლებს პარლამენტის 17 ადგილისთვის [ასევე, 17 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით]

ადგილობრივი ექსპერტების აზრები ემთხვევა: ვერცერთი მათგანი ვერ დააგროვებს ხმების 7%-ს, რომელიც პარლამენტში შესასვლელად არის საჭირო. 

აუტსაიდერებს შორის ალან გაგლოევის პარტია “ნიხასიცაა” [«Ныхас»], ის შექმნილი იყო ლეონიდ თიბილოვის მიერ 20123 წელს ხელისუფლების პარტიად. ადმინისტრაციული მხარდაჭერის წყალობით მან ძლივს დააგროვა ხმების 7,5%. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს პოსტიდან გადადგომის შემდეგ პარტიის მიმართ ინტერესი დაეკარგა. ადმინიტრაციული რესურსის გარეშე დარჩენილ “ნიხასს” 2019 წლის არჩევნებზე პარლამენტში გასვლის შანსი არ ჰქონია. 

თუმცა, მას გარემობებების თანხვედრა დაეხმარა. ალან გაგლოევს არ მისცეს დაერეგისტრირებინა საკუთარი პარტია “ალანური კავშირი” და მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსითაც არ დაუშვეს არჩევნებამდე. 

საპარლამენტო არჩევნებამდე დახურვის საფრთხე დაუდგა დავით სანაკოევის პარტია “ახალ ოსეთსაც”. 

მაშინ მათ ნიხასის თავმჯდომარეს ალან ალბოროვს, პოლიტიკური აქტივების გაერთიანება შესთავაზეს და მის პარტიაში შერწყმის გზით – არჩევნებამდე ერთად მისვლა. “ნიხასი” საპარლამენტო პარტია გახდა და ბიბილოვმა მისი დახურვა ვეღარ შეძლო. 

კოალიციიდან სანაკოევისა და გაგლოევით სხვა იმედგაცრუებულ მოკავშირეთა გასვლის შემდეგ, “ნიხასი” ან საერთოდ ვეღარ გავა ან სიმბოლურ წარმომადგენლობას მიიღებს პარლამენტში. 

ამგვარად, მმართველი პარტიის სადეპუტატო უმრავლესობის გარეშე დარჩენის შანსი მაღალია. 

სამაგიეროდ, ბიბილოვის პარტია “ედინაია ოსეტია” ამომრჩეველს წინა წლების წარმატების გამეორებას და პარლამენტში უმრავლესი ხმების მიღებას პირდება. 

ის უკვე ატარებს აქტიურ ოპოზიციონერულ მუშაობას, მის განკარგულებაშია რამდენიმე სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში პოპულარული ინტერნეტ რესურსი, რომელთაც პრეზიდენტ გაგლოევის წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. 

ეს ბრძოლა საკმაოდ წარმატებულია. რესურსები კონცენტრირებულია ორ თემაზე, რომლებიც ეჭვგარეშეა, რომ წინაასაარჩევნო დებატებზე მთავარი გახდება.

პირველი ეს არის გაგლოევის სისუსტე და ლიდერად ყოფნის უუნარობა. რუსეთი სანქციების გამო ამცირებს სამხრეთ ოსეთზე დანახარჯებს, ითხოვს საბიუჯეტო თანამშრომლების შემცირებას და გადასახადების ზრდას. ყოველივე ეს ამომრჩევლისთვის მოწოდებული იქნება როგორც გაგლოევის უუნარობა, დაიცვას სამხრეთ ოსეთის ინტერესები მოსკოვის წინაშე. 

დარტყმის მეორე მიმართულება, საქართველოს მხრიდან თითქოსდა გაზრდილი საფრთხეებზე სპეკულირებაა. 

ბიბილოვი ამჟამად დონბასში იმყოფება, სადაც ბიზნეს-ინტერესებსა და სამხედრო სტრუქტურებს განაგებს. ოსეთიდან ყველა საკონტრაქტო თანამშრომელი მისი მფარველობის ქვეშაა. ის აქტიურად მონაწილეობს უკრაინელთა ტყვეობიდან მათი გათავისუფლების პროცესში. 

რასაკვირველია, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები მისი აქტივია მომავალ არჩევნებზე, პარტია “ედინაია ოსეტია” საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოვიდა – არ ჩაუთვალონ ომში გატარებული დრო კანდიდატებს ცენზის დარღვევად. კანონით, მუდმივად ცხოვრება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წელიწადში 230 დღეს შეადგენს. 

ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია წინაასარჩევნოდ ომიდან დაბრუნებული პოსტრავმული აშლილობის ნიშნებით მქონე კაცების კონკურენციის, თუმცა, დეპუტატებიდან ან სპიკერებიდან არავის გაუბედია ჯერ ღიად გამოსვლა აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ. 

აშკარაა რიტორიკაც, რომლითაც ბიბილოვი ცხინვალში დაბრუნდება: სამშობლო საფრთხეშია! და სამხრეთ ოსეთზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ მათ, ვისაც მისი დაცვა შეუძლია!

ბიბილოვის დაბრუნებისს პერსპექტივა მოტივაციას აძლევს იმ ძალოვნებს, რომელთაც გაგლოევის მოსვლის შემდეგ გავლენები დაკარგეს. თუმცა, ეს პერსპექტივა საზოგადოება აშინებს, ყველას ესმის, რომ თუ ანტოლი ბიბილოვი შეძლებს ჯერ პარლამენტზე კონტროლის, შემდეგ კი საპრეზიდენტო სავარძლის დაბრუნებას, საზოგადოება საბოლოოდ ცხვრის ფარად იქცევა.

გაგლოევის გუნდში ამ პერსპექტივების საპირწონე არაფერია. პრეზიდენტის გარშემო სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება რთულია – საკმაოდ ძლიერია იმედგაცრუებები. 

სიტუაციიდან გამოსავალს, გაგლოევის მრჩეველი, პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი გამსვლელი პროცენტის საკანონმდებლო ორგანოში შვიდიდან სამ პროცენტამდე დაწევაში ხედავს. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში, ბევრი ახალი პარტია შევა პარლამენტში და ბიბილოვის ავტორიტარულ-მაფიოზური რეჟიმი ვერ დაბრუნდება. თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ გობოზოვის მიერ გაჟღერებულმა წინადადებამ დააინტერესა პრეზიდენტი. როგრც ჩანს, მას საერთოდ არაფერი აინტერსებს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი