ახალი ამბებისაზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

6 სექტემბერი, 2023 • 1435
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ზურაბიშვილმა მაკრონისთან შეხვედრის შემდეგ მაკრონთან ერთად ვიდეო ჩაწერა და ინსტაგრამზე გაავრცელა.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ის განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინსა და ბრიუსელში, სადაც გერმანიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აქებს.

„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი