ახალი ამბები

საქართველოს არ შეუსრულებია 12 პირობა — EU-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში

4 სექტემბერი, 2023 • 1044
საქართველოს არ შეუსრულებია 12 პირობა — EU-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში

„ამ დროისთვის ნათელია, რომ საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ჰიუგ მინგარელიმ.

მიუხედავად ამისა, მინგარელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს. მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ტექნიკურის გარდა, პოლიტიკური ასპექტი განსაზღვრავს.

„ნათელია, რომ ევროკომისიამ და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით; რუსეთის როლის გათვალისწინებით რეგიონში და საქართველოში. ეს ელემენტები უნდა იყოს მიღებული მხედველობაში“, — განაცხადა მინგარელიმ, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. კონფერენცია თბილისში 4-5 სექტემბერს იმართება.

კონფერენციაზე მინგარელიმ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევიდან 2022 წლის თებერვლამდე — რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, დასავლეთ ევროპის დიდი ქვეყნები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას არ ემხრობოდნენ.

„გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ეს იყო საოცრება, დამიჯერეთ. იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში საფრანგეთს, გერმანია და იტალიას არ სურდათ არანაირი პერსპექტივა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის“, — თქვა მან.

ამასთან, მინგარელი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უკრაინის ინტეგრაციის პროცესი გაცილებით სწრაფი ტემპით წარიმართება.

„ვინც ადარებს დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის სიტუაციას, არ იცნობს დასავლეთ ბალკანეთს, არ იცნობს უკრაინა და არ იცის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი. ჩემი ნაცნობი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ 20 წელი დასჭირდება მოლაპარაკებებს, ეს ნონსენსია. უკრაინა შეძლებს თავების დახურვას სულ რამდენიმე წელიწადში, თუ კვლავ იქნება გაწევრიანების პოლიტიკური ნება უკრაინაში და ჩვენც მზად ვიქნებით გაფართოებისთვის ევროკავშირში“, — დასძინა მინგარელიმ.

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი