ახალი ამბები

„შოკირებული ვარ“ – გრეგოროვა ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

1 სექტემბერი, 2023 • 3546
„შოკირებული ვარ“ – გრეგოროვა ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

„შოკირებული ვარ, გავიგო პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმებზე მაშინ, როცა იგი ევროკავშირის ლიდერებს უნდა ესაუბროს. ის ნამდვილად პრო-ევროპული [პოლიტიკოსია]. ცუდია, რომ ის უფრო-პრო ევროპული, ვიდრე [საქართველოს] მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები. თუ „ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი სურს, [პრეზიდენტის] მოლაპარაკებებზე ნებართვას უნდა გასცემდეს და არა მათი შედეგის ეშინოდეს“, – წერს იგი.

ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი