ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპულობას აჩვენებს

1 სექტემბერი, 2023 • 2579
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპულობას აჩვენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირი მოტივაცია არ ამართლებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის იმპიჩმენტსაც აინიციირებს მმართველი გუნდი, კონსტიტუცია მართლაც დაარღვია, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოც დაადასტურებს.

 „ვაკვირდებით სხვადასხვა სახის დისკუსიებს, მოტივაციას. ქართველმა ხალხმა, უპირველეს ყოვლისა კი უმაღლესი თანამდებობის პირებმა, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას. თუ პრეზიდენტი პატივს არ სცემს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს კონსტიტუციას და სახელმწიფოს.

რაც შეეხება ვიზიტებს, სადავოც კი არაფერია. არავინ უარყოფს, რომ ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. არის მცდელობები, სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ. არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. მისი დარღვევა არის აბსოლოტურად მიუღებელი“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

პაპუაშვილის თქმითვე, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მმართველმა გუნდმა მიმართა, ასევე დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას, ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთა ხმების გარეშეც ზურაბიშვილის გადაყენება ვერ მოხერხდება, იმპიჩმენტისთვის მხარის არდაჭერის შემთხვევაში „პოლიტიკურად მძიმე“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

„ვფიქრობ, გამომდინარე საკითხის სიმარტივიდან, სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ამის პირობაზე თუკი ვინმე მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკურად მძიმე, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი, როცა ყველას მოუწევს, თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – აღნიშნა მან.

პაპუაშვილს აგრეთვე ჰკითხეს, იქონიებს თუ არა იმპიჩმენტი გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციაზე. პაპუაშვილის თქმით, ეს არათუ ხელს შეუშლის ევროინტეგრაციას, არამედ საქართველოს ევროპულობას აჩვენებს.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი