ახალი ამბები

„თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია“ – ოპოზიციაში პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარს ეხმაურებიან

30 აგვისტო, 2023 • 1899
„თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია“ – ოპოზიციაში პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარს ეხმაურებიან

საქართველოს პრეზიდენტისათვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარს ოპოზიციაში ეხმაურებიან.

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად აპირებს. ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, გაუგებარია მთავრობის უარი ასეთ დროს, თუ „ქვეყნის მტერი არ ხარ“.

„საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! შენ თვითონ არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია გაუგებარია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის. მერე კიდევ დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას… მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ საღი აზრი მაინც უფრო მაღლა დგას“, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ერთ-ერთი ვიზიტი, რომელზეც პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა, გერმანიას ეხება. მიუხედავად მთავრობის უარისა, პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიაში ჩასვლას აპირებს, რასაც მმართველ გუნდში არაკონსტიტუციურად აფასებენ.

პარტია „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, სწორედ გერმანიაა ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის პოზიციასაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში დიდი გავლენა ექნება.

„საქართველოს ერთადერთი შანსი აქვს მიმდინარე წელს მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი-გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ევროპამ გადაწყვიტოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების საბოტაჟის მიუხედავად, საქართველო არ დაუთმოს რუსეთს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებამ უნდა აიღოს ტელეფონი, დაურეკოს ევროკომისიას, დაურეკოს ევროკავშირის ყველა სხვა წევრი ქვეყნის მთავრობას და უთხრას: დაივიწყეთ შეუსრულებელი მოთხოვნები, წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

აი, ასეთ ვითარებაში, პრეზიდენტი მიდის გერმანიაში კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის მიზნით… მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს ვიზიტი კონსტიტუციის დარღვევაა… ერთი შეკითხვა მაქვს საქართველოს პრეზიდენტთან, ისევ სჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობა არაა რუსეთიდან მართული“, – წერს სოციალურ ქსელში სამადაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს და გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია, კერძოდ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

“2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პრეზიდენტის ჩართულობა, მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. სწორედ იმ ევროპელი პარტნიორების, ვისთანაც შეხვედრას გეგმავს, მოწოდებაა, რომ დეპოლარიზაციისთვის, ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს საქართველოდან და პირველ რიგში გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან,“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.


საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აპირებდა.

უკრაინის გარდა, პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე: გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთში.

გარდა ამისა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი