ახალი ამბები

მაშინ არც ეუთოში უნდა ვიაროთ, არც გაეროს სხდომებზე, სადაც რუსები არიან — ბერაია პუტინ-დავითაშვილზე

30 ოქტომბერი, 2023 • 1450
მაშინ არც ეუთოში უნდა ვიაროთ, არც გაეროს სხდომებზე, სადაც რუსები არიან — ბერაია პუტინ-დავითაშვილზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს არ უვახშმია ვლადიმერ პუტინთან ერთად და ის ჩინეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იყო მიწვეული.

ამის შესახებ მან განაცხადა ჩინეთში, „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში 18 ოქტომბერს გამართული ბანკეტის შესახებ საუბრისას. აღნიშნულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც.

პუტინთან ერთად ბანკეტზე ყოფნის გამო დავითაშვილის კრიტიკის პასუხად ბერაია ამბობს, რომ მაშინ საქართველოს დელეგაციამ არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებზე უნდა იაროს, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი.

„ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო მიწვეული იმ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული. მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი, და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ [ჟურნალისტები] ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა.

ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

ამასთან, ფორუმიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც დაბალი გარჩევადობისაა, ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილი ჩინეთში საქართველოს ელჩთან,  არჩილ კალანდიასთან ერთად უსმენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი