ახალი ამბები

„რთული ბედის ადამიანი იყო“ – პუტინის პირველი კომენტარი პრიგოჟინზე

25 აგვისტო, 2023 • 2228
„რთული ბედის ადამიანი იყო“ – პუტინის პირველი კომენტარი პრიგოჟინზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, სწორედ პუტინმა გასცა პრიგოჟინის მკვლელობის ბრძანება.

პუტინის თქმით, პრიგოჟინი „რთული ბედის ადმაიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა“, თუმცა საჭირო შედეგებს მაინც აღწევდა, მათ შორის მაშინაც, როცა ამას თავად პუტინი სთხოვდა.

„მსურს, გულწრფელად მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს. ეს ყოველთვის ტრეგედიაა. თუ ისინი იქ მართლაც იმყოფებოდნენ, ხოლო პირველადი მონაცემები, მგონი, ამბობს, რომ იქ კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომლები იყვნენ, მინდა აღვნიშნო, რომ ესაა ხალხი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში. ეს გვახსოვს, ვიცით და არ დავივიწყებთ.

პრიგოჟინს საკმაო ხანი ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს იყო რთული ბედის ადამიანი, ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა და საჭირო შედეგებს აღწევდა – საკუთარი თავისთვისაც და საერთო საქმისთვისაც, როცა მე ვთხოვდი. ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი“, – ციტირებს პუტინს „მედუზა“.


„ვაგნერის“ ჯფუგის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში, ავიაკატასტროფიდან მალევე რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაადასტურეს, რომ პრიგოჟინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა შორის იყო. თუმცა, ოფიციალურად, მისი ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი