ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აზერბაიჯანის რადიო თავისუფლებას ალიევის რეჟიმისადმი ლოიალობაში ადანაშაულებენ

30 აგვისტო, 2023 • 1388
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აზერბაიჯანის რადიო თავისუფლებას ალიევის რეჟიმისადმი ლოიალობაში ადანაშაულებენ

ავტორი: ნიკა მუსავი


Azadlıq Radiosu  არის  რადიო თავისუფლების (RFE/RL) -ის აზერბაიჯანის ბიურო, რომელიც უკანასკნელ დრომდე აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისთვის  პროფესიონალურ და ობიექტურ აზერბაიჯანულ მედიად მიიჩნეოდა და გამოცემის მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანაც წარმოუდგენელი იყო, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ და მანამდე, სანამ 2023 წლის ივლისის ბოლოს ყოფილმა თანამშრომლებმა პრობლემებზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტეს, რამაც თავის მხრივ  სკანდალი გამოიწვია.

ჟურნალისტები Azadlıq Radiosu-ს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციულ, ფინანსურ დარღვევებსა და თანამშრომლების უკანონო დათხოვნაში ადანაშაულებენ. ამასთან, როგორც ისინი ამბობენ, აზერბაიჯანის ბიუროს მენეჯერი ილკინ მამედოვი ალიევის რეჟიმის მიმართ ლოიალურია, რაც ეწინააღმდეგება როგორც Azadlıq Radiosu-ს მიერ დეკლარირებულ პოზიციებს, ასევე, ზოგადად – RFE/RL-ს პოლიტიკას. 

ყოფილ თანამშრომლებს მტიცებულებად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობამ უსაფუძვლოდ გაათავისუფლა ისეთი გამოცდილი თანამშრომელი, როგორიცაა თურხან ქერიმოვი, მის ნაცვლად კი დანიშნა აზერბაიჯანის სახელისუფლებო პროპაგანდისტის რეპუტაციის მქონე პიროვნება. 

Azadlıq Radiosu -ს ბაქოს ბიურო 2004 წელს გაიხსნა და “ფიზიკურად” ზუსტად 10 წელი იარსება -2014 წლამდე, როდესაც აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოძიება წამოიწყო მისი, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ. მაშინ Azadlıq Radiosu-ს ბაქოს ბიუროს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, დალუქეს და თანამშრომლები დაკითხვაზე დაიბარეს. 

საბოლოო ჯამში, ბაქოს ბიურო დაიხურა, რედაქცია კი პრაღაში, RFE/RL -ს სათაო ოფისში გადავიდა. დღეს Azadlıq Radiosu სწორედ იქიდან მაუწყებლობს და აზერბაიჯანში შტატგარეშე თანამშრომლები ჰყავს. Azadlıq Radiosu პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი დევნილი აზერბაიჯანული მედიაა.

Azadlıq Radiosu -ს ვებგვერდი აზერბაიჯანის ტერიტორაზე 2017 წლიდან დაბლოკილია, თუმცა, ცხადია, სოციალურ ქსელებსა და პროქსი-სერვერების მეშვეობით გამოცემის პუბლიკაციებზე წვდომის პრობლემას არ არსებობს.

მხილების კამპანიის ინიციატორი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში Azadlıq Radiosu-მ ყველანაირი დასაბუთების და განმარტების გარეშე სამსახურიდან ექვსი შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელი დაითხოვა. კიდევ რამდენიმემ უკვე საკუთარი ნებით დატოვა სამხური.

28 ივლისს დაითხოვეს პრაღის ოფისის ორი თანამშრომელი – თურხან ქერიმოვი და ვაგიფ მამედოვი. სწორედ აქედან დაიწყო ჟურნალისტების კამპანიაც.

თურხან ქერიმოვმა, რომელმაც Azadlıq Radiosu -ში რვა წელი იმუშავა, ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელი ილკინ მამედოვი პერიოდულად ამცირებდა თანამშრომლებს, თანამშრომლები, თავის მხრივ,  HR-ს მიმართავდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე საქმე მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებით” სრულდებოდა.

“მე ვიყავი სოციალური ქსელების მენეჯერი და პირადად შევქმენი ფეისბუკზე და ინსტაგრამზე Azadlıq Radiosu-ს გვერდები, ასევე, არხი youtube-ზე. აქამდე ჩემ მიმართ პრეტენზია არასოდეს მსმენია, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ილკინ მამედოვისთვის, განეცხადებინა, რომ “ხვალინდელი დღიდან არ ვმუშაობ”, აი, ასე, გაფრთხლების გარეშე. მიზეზად კი რესტრუქტურიზაცია დაასახელა. ჩემ ნაცვლად კი საკუთარი მეგობარი, მამედშარიფ ალეკპეროვი დანიშნა, ხელისუფლების არხებზე მომუშავე და ნაციონალისტური პროპაგანდით ცნობილი”, – ამბობს თურხან ქერიმოვი.

აზერბაიჯანულ სამსახურში სწორედ მამედშარიფ ალეკპეროვის დანიშნვას ასახელებენ ჟურნალისტები, როგორც თვალსაჩინო მტკიცებულებას, რომ აზერბაიჯანული სამსახურის ხელმძღვანელობა პროსახელისუფლებოა. ასევე, ქერიმოვის თქმით, უკანასკნელ წლებში Azadlıq Radiosu უარს ამბობდა გამოძიებებზე კორუფციის შესახებ აზერბაიჯანში.

“თუ რომელიმე ჟურნალისტი სთავაზობდა ასეთი გამოძიების დაწყებას, ილკინ მამედოვი არ თანხმდებობდა. ამბობდა, რომ “ეს არაა საინტერესო თემა”.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეს პრობლემის შესახებ გასაჯაროვება, როცა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ  ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას. 

ჟურნალისტების პროტესტს შეუერთდა ასევე აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის დარღვევები, რომლებზეც ჟურნალისტები საუბრობენ, არა მხოლოდ RFE/RL-ს მედიასტანდარტებს ეწინააღმდგება, არამედ ჟურნალისტების ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ მიუნჰენის დეკლარაციასაც.

ჟურნალისტთა ევროპულმა ფედერაციამ (EFJ)  ასევე მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ RFE/RL-ს, ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება აზერბაიჯანის სამსახურის ხელმძღვანელობის საქმიანობის შესასწავლად. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არზუ გებულლა, რომელიც სტაჟირებას გადიოდა  RFE/RL-ში და Azadlıq Radiosu-თან თანამშრომლობდა, აცხადებს, რომ პრობლემემი დღეს არ დაწყებულა და პირადად არის მომსწრე 2014 წლიდან ჟურნალიტების მიმართ არაეთიკური და უსამართლო დამოკიდებულებისა.

“მაინტერესებს, რეალური ცვლილებები მოხდება ხელმძღვანელობაში თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში ხდება, სადაც ლიდერები ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. დაამტკიცებს კი RFE/RL, რომ ისინი სხვანაირები არიან?”, – კითხულობს არზუ გეიბულლა.

თუმცა, როგორც ჩანს, Azadlıq Radiosu არავისთვის არაფრის დამტკიცებას აპირებს.

სკანდალის დასაწყისში, 4 აგვისტოს, RFE/RL-მა გამოქვეყნა ტვიტი იმის შესახებ, რომ “ღრმად შეშფოთებული არიან უსაფუძვლო ბრალდებების გამო”, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანში მათ საქმიანობას.

19 აგვისტოს კი Azadlıq Radiosu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ RFE/RL-ის ომბუდსმენმა შეისწავლა სიტუაცია და დაასკვნა, რომ აზერბაიჯანის სამსახური “არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი” და “ერთგულია პრინციპული ჟურნალისტური მისიისა და ეთიკისა”. თუმცა, ომბუდსმენის ციტირების პარალელურად, Azadlıq Radiosu არ აქვეყნებს აღნიშნული განცხადების ორიგინალ ვერსიას. ამავე დროს, მსგავსი განცხადება RFE/RL-ის ვებ-გვერდზეც არ იძებნება. 

არანაირი სიღრმისეული კომენტარი არც Azadlıq Radiosu-ს და არც RFE/RL არ გაუკეთებიათ. რამადენიმე ადგილობრივმა და უცხოურმა მედიამ ოფიციალური მიმართვები გაგზავნეს, თუმცა ამბობენ, რომ არ მიუღიათ ხელმძღვანელობისგან პასუხი. ეს სიჩუმე, რომელიც პერიოდულად ფორმალური პასუხებით ირღვევა, კიდევ უფრო აბრაზებს აზერბაიჯანის ჟურნალისტურ წრეს აზერბაიჯანის გარეთ თუ შიგნით და არწმუნებს იმაში, რომ ბრალდებები მართლაც სამართლიანია.

თურხან ქერიმოვი, ვისი სამსახურიდან დათხოვნაც ეწინააღმდეგება ჩეხეთის რესპუბლიკის რეგულაციებს [რომლის გადასახადების გადამხდელიცაა],  გეგმავს სასამართლოს მიმართოს. პარალელურად, მისი კოლეგები ცდილობენ საერთაშორისო მედიებისა და ორგანიზაციების ყურადღების მიქცევასა და მეტი ხმაურის ატეხვას, იმ იმედით, რომ ეს შეაწუხებს  RFE/RL -ს ხელმძღვნელობას და აზერბაიჯანულ სამსახურში შიდა სერიოზული გამოძიება დაიწყება. 

თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ეს ამბავი, Azadlıq Radiosu მიმართ ნდობა დღეს უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს აზერბაიჯანის ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებულ მედიასივრცეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი