ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომი უკრაინაში – პერსპექტივები და რისკები სამხრეთ კავკასიისთვის

14 აგვისტო, 2023 •
ომი უკრაინაში – პერსპექტივები და რისკები სამხრეთ კავკასიისთვის

ავტორი: კონსტანტინ ღაზარიანი, ერევანი


რუსეთის სახელმწიფო, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და შეიარაღებული ძალები ამჟამად ისეთ ცვლილებებს განიცდიან, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. 

პრიგოჟინის გადატრიალების მცდელობა არ არის ფარსი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს – ეს რუსეთის შიდა მღელვარების დასაწყისია. რუსეთის ისტორიას მუდამ თან ახლდა მცირე თუ დიდი, წარმატებული თუ წარუმატებელი არეულობის ხანები. ამავე დროს, მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის მედიაში იქმნებოდა დაუმარცხებელი რუსეთის ხატი, ძლიერი ხელისუფლებით, რომელმაც “იცის, რას აკეთებს”. ეს ხატი ახლა მსხვრევას იწყებს. რუსეთის ისტორია ხომ აჩვენებს, რომ რუსეთმა იმდენივე ომი წააგო, რამდენიც მოიგო. ისტორია ასევე აჩვენებს, რომ რამდენიმე ისტორიული მომენტის გარდა, რუსეთი ინსტიტუციურად მუდამ არასტაბილური იყო. იმის მიუხედავად, რომ პრიგოჟინის აჯანყება არ ყოფილა სამხედრო წარმატება, მან უფრო მეტს მიაღწია: ერთი მხრივ, პუტინის იმიჯი დააზარალა, მეორე მხრივ კი, აჩვენა, რომ ხელისუფლების ცენტრში სხვადასხვა ბანაკია.

პრიგოჟინის აჯანყების შედეგები რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის

პრიგოჟინის აჯანყებამ მსოფლიოში გავლენა იქონია რუსეთის იმიჯზე: ეს არის სიგნალი გარე სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი, რუსეთის მოკავშირეებისთვის, რომ რუსეთი თავად არის მოწყვლადი, რომ არაფერი ვთქვათ მის მოკავშირეებზე, რომლებსაც ის იცავს. ამ აჯანყებამ გააღრმავა არსებული დაპირისპირებები თავდაცვის და საგარეო პოლიტიკაში. ჯერ კიდევ პრიგოჟინის აჯანყებამდე რუსეთი იძულებული იყო, დემოგრაფიული პრობლემების გამო კურილის კუნძულებიდან ჯარები გამოეყვანა და უკრაინაში გადაესროლა. ჯარების ეს “გადაბაზირება” მნიშვნელოვანი ამბავია, ვინაიდან კურილებზე სამხედრო ბაზის გამაგრება დიმიტრი მედვედევის მნიშვნელოვანი პროექტი იყო და იაპონიისთვის სიგნალი უნდა გამხდრიყო. 

შიდა არეულობები, დემოგრაფიული გამოწვევები, ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა და სამხედრო პრობლემები მალე წარმოშობს კითხვას: შეეძლება თუ არა რუსეთს, გააგრძელოს საკუთარი ხელისუფლების პროეცირება მსოფლიოს სხვა რეგიონზე, ისევე როგორც სხვა რეგიონულ და დიდ სახელმწიფოებს, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ხელისუფლების პროეცირება მსოფლიოს ქვეყნებზე, განსაკუთრებით, სამხედრო თვალსაზრისით. 

ეს ფაქტორები, საბოლოო ჯამში, აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება, სხვა ქვეყნებიდან რუსული ჯარები გამოიყვანოს. შეუძლია თუ არა რუსეთს მოამარაგოს სამხედრო ბაზები სირიაში, მთიან ყარაბაღში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში ან დნესტრისპირეთში, უკრაინაში სირთულეების კონტექსტის გათვალისწინებით?  

არაბული სახელმწიფოები იყენებენ შექმნილ მდგომარეობას სირიის დასაბრუნებლად არაბული ქვეყნების ლიგაში, რითაც ცდილობენ შეამცირონ რუსეთის და თურქეთის როლი სირიაში. 

რუსეთის სისუსტე საკუთარი ძალის პროეცირებისთვის სხვა ქვეყნებში: სცენარები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისთვის

რუსეთის სამხედრო სისუსტემ შეიძლება, ერთი მხრივ, ის გამოიწვიოს, რომ რუსეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაეჭიდება იმ ქვეყნებს, სადაც მისი სამხედროები არიან, ან პირიქით, ნაწილ-ნაწილ გამოიყვანს ჯარებს. ორივე ვარიანტი შესაძლებელი და რაციონალურია. იმის მიუხედავად, როგორ იმოქმედებს რუსეთი, მიმდინარე სიტუაცია უკვე გამოწვევად იქცა სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის, რადგან რუსული საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მოულოდნელობებითაა აღსავსე.

მთიან ყარაბაღში რუსეთის არსებობის პარადოქსი ის არის რომ ორივე ვარიანტი – ყოფნაც და ჯარების გამოყვანაც- მთიანი ყარაბაღისა და სომხეთისთვის საფრთხეა. 

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის ომის დაწყებიდან უფრო მეტად დამოკიდებული გახდა თურქეთზე და აზერბაიჯანზე. რუსეთი დასავლეთის სანქციებს აზერბაიჯანის გავლით ირიდებს და რუსულ გაზს ევროპაში ყიდის. კონფრონტაცია ბაქოსთან და ანკარასთან რუსეთის ინტერესებში არ არის. რუსეთი ძალიან არის დამოკიდებული ამ ქვეყნებზე, თურქეთი კი რეგიონში გავლენის ფაქტორად იქცა. შესაბამისად, ბაქო რომ არ დაკარგოს, რუსეთი ცდილობს ისეთი “კოზირები” გამოიყენოს, როგორიცაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კონფლიქტში  [ნეიტრალიტეტი აზერბაიჯანს აწყობს] ან განზრახ თუ უნებლიეთ სომხური პოზიციების აზერბაიჯანისთვის ჩაბარება.

რუსულ ჯარებს არ შეუძლიათ და ვერ შეასრულბენ რეგიონში ვალდებულებებს. 2020 წლის 9 ნოემბრიდან აზერბაიჯანს ტყვედ ჰყავს აყვანილი სომხები, ბლოკავს გზებსა და ხიდებს. 2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი სრულ ბლოკადაშია მოქცეული. მიუხედავად ევროკავშირისა და აშშ-ის მოწოდებებისა, არაფერი სასიკეთო არ ხდება. რუსული ჯარის უმოქმედობა და ცალკეული სოფლების ჩაბარება სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება სომხეთისთვის. 

რუსეთზე დამოკიდებულება და ალტერნატივის არარსებობა პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თუ რუსული ჯარები დარჩება, მთიანი ყარაბაღი და სომხეთის საზღვრისპირა რაიონები სულ უფრო მეტად ჩაუვარდება ხელში აზერბაიჯანს რუსეთის უმოქმედობის ან აზერბაიჯანთან გარიგების გამო. თუ რუსული ჯარები დაუყოვნებლივ გავლენ, აზერბაიჯანი მაშინვე გამოიყენებს სიტუაციას და სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს. ორივე შემთხვევაში, სომხეთი წაგებულია – ერთ შემთხვევაში, ეს ნელ-ნელა მოხდება, მეორეში – სწრაფად. 

გამოსვალი კი, შესაძლოა იყოს არა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები, რომლებიც იმოქმედებს რუსეთის რეგიონიდან იძულებით გასვლის შემდეგ. დღეს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ვხედავთ დასავლეთთან დაახლოებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისკენ სწრაფვას. 

თანამშრომლობისთვის ალტერნატიული პარტნიორების ძიება: ინდოეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, აშშ

ОДКБ-ს სწავლებების გაუქმება და მის დამკვრივებელთა მისიაზე უარი მხოლოდ ნაწილია სომხეთის პოლიტიკის ცვლილებისა. სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობაზე საბერძნეთთან და კვიპროსთან, საფრანგეთმა კი საკუთარი “სამხედრო არხი” შექმნა სომხეთთან. ინდოეთი სომხეთზე სამხედრო ტექნიკას ყიდის. სომხეთი სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა პარტნიორის მიზიდვის მცდელობით აჩვენებს დასავლეთს, რომ დაინტერესებულია და მზადაა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. 

თანამშრომლობა ინდოეთთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან და საფრანგეთთან მნიშვნელოვანია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ვერ შეავსებს ვაკუუმს. ყველა ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საუბარია თანამედროვე შეიარაღების სისტემებზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამხედრო კონსულტაციებზე და ოფიცრების მომზადებაზე. თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული ან შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. იქნება თუ არა მიღებული ეს გარანტიები და რა მოცულობით, რთულია შეაფასო, რადგანაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხვა რეგიონული ფაქტორები, მაგალითად, ირანისა და აშშ-ის ურთიერთობები. 

აქ სჯობს ილუზიებით არ ვიხელმძღვანელოთ: აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ევროკომისიითვის, ასევე რუსეთისთვის. ევროკომისიის თავმჯდომარე ალიევში ხედავს სანდო პარტნიორს, რომელიც ევროპას რუსულ გაზს აწვდის. ამ მიზეზით სომხეთი ცდილობს უფრო დიფერენცირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ცალკეულ სახელმწიფოებთან ითანამშრომლოს. მთიანი ყარაბაღის პრობლემა სომხეთისთვის სერიოზულ დილემას წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სასამართლომ ლაჩინის კორიდორის გახსნაზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მიუხედავად Amnesty International-ის შეფასებისა, ლემკინის ინსტიტუტის შეფასებისა, რომ მომხდარი გენოციდია, საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხში მაინც არაა ერთსულოვანი.

სომხეთისა და საქართველოსთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი: ძალთა ბალანსი კავკასიაში

ომმა უკრაინაში მსოფლიო წესრიგი შეცვალა. თუ ომამდე შესაძლებელი იყო თანამშრომლობა როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან, დღეს ეს უფრო რთული ხდება. 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახლა უნდა დაფიქრდნენ, ვისკენ არიან  – დასავლეთან თუ რუსეთთან. ახალი მსოფლიო წესრიგი და მღელვარება რუსეთს შიგნით გამოწვევა ხდება საქართველოსთვისაც. რუსეთთან მწვავე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ისეთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორიცაა საზღვრების გახსნა, ვაჭრობა. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა. 

მღელვარებებს რუსეთში შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენები საქართველოზე. 

აქ შესაძლებელია ორი ვარიანტი: გადატრიალების შემდეგ საქართველო შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩაჭიდების ობიექტი. ან საქართველოს შეუძლია ისარგებლოს ქაოსით და სისუსტით და საკუთარი ტერიტორიული პრობლემები გადაჭრას. რამდენად რეალურია სამხედრო თვალსაზრისით, ეს უკვე სხვა საკითხია. 

უკანასკნელი სამი წელია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო ძლიერად ვითარდებოდა, ვიდრე წინა 20 წელი. მიზეზი გეოპოლიტიკური საკითხებია. საქართველო, ერთი მხრივ, ცდილობს კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მეორე მხრივ, სომხეთიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. სომხეთი საქართველოს საშუალებას აძლევს, ბალანსი შეინარჩუნოს კავკასიაში. სომხეთის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო მიებმება თურქეთსა და აზერბაიჯანს ეკონომიკური, ტერიტორიული და სამხედრო კუთხით. მეორე მხრივ, სომხეთს სჭირდება საქართველო, ერთი მხრივ, როგორც ევროპაში გასასვლელი, მეორე – ასევე, ძალთა ბალანსისთვის.

რუსეთში პრიგოჟინის აჯანყება მხოლოდ დასაწყისია შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. ეს სისუსტე, გაურკვეველი გეოპოლიტიკური სიტუაცია – დამოკლეს მახვილია, რომელიც ისეთი ქვეყნების თავზე კიდია, როგორიცაა სომხეთი და საქართველო. ერთი მხრივ, ის მოიცავს დიდ საფრთხეებს, მაგრამ ამავე დროს უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის რუსული ორბიტიდან გამოსასვლელად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი