ახალი ამბები

კოსოვოსთან პარალელის გამო გახარია ხელისუფლებას აკრიტიკებს

2 აგვისტო, 2023 • 2037
კოსოვოსთან პარალელის გამო გახარია ხელისუფლებას აკრიტიკებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, კოსოვოსა და საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს.

„კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“, – წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმა „პროვოკაციაა“. მან ამ კონტექსტში პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს [აღიარებულია გაეროს ათეულობით წევრის მიერ] სიტუაციასთან.

„სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები. მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი ეტყვის, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ცუდი ადამიანები არიან – რაც უთხრეს, იმას იმეორებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი