ახალი ამბები

“შურისძიება იყო” – ბათუმში აქციის მონაწილე დაკავებაზე და პოლიციელებზე

2 აგვისტო, 2023 • 2816
“შურისძიება იყო” – ბათუმში აქციის მონაწილე დაკავებაზე და პოლიციელებზე

ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი ღირსება შელახეს, დაზიანებები მიაყენეს და არასათანადოდ მოეპყრნენ.

ბერიძე სხვა 22 ადამიანთან ერთად 31 ივლისს ბათუმის პორტთან დააკავეს.

„კონფლიქტი ჩემსა და [აჭარის] პოლიციის უფროსს [გრიგოლ] ბესელიას შორი, დაიწყო მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ტიროდა… ცრემლები სდიოდა, თავი ჰქონდა ჩაქინდრული. ვიგრძენი, რომ შეურაცხყოფილი იყო ეს პოლიციელი და [პოლიციის უფროსს] ვუთხარი , პოლიციის ინსტიტუტს აკნინებ და ადამიანს აიძულებთ აქ დგომას-მეთქი.

მოდი აქო, მითხრა, არ მივედი, მანდ რატომ უნდა მოვიდე-მეთქი. ცდილობდა გადავეყვანე პოლიციელების მხარეს, ჯებირებს მიღმა. ვუთხარი, რომ თავად მოსულიყო, თუ რაიმე უნდოდა. გადმოვიდა, დამეტაკა შარვალზე – დაახლოებით საზარდულთან და აპირებდა ჩემს გათრევას. მე მოვიშორე, შემდგომ მომცვივდა დაახლოებით 5-6 პოლიციელი, ყელში მახრჩობელა ილეთით გამიყვანეს. რომ არ ვყოფილიყავი სპორტსმენი და მსგავს ილეთთან გამკლავება არ მცოდნოდა, ალბათ, „დამაძინებდნენ“, – გვიყვება ხათუნა ბერიძე, რომელიც თავის მხრივ კარატეს მასწავლებელია.

როგორც ქალი იხსენებს, პოლიციელებმა ის გადაიყვანეს იმ ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის მანქანები იდგა. ამ დროს მას ხელზე ცალუღი [ასევე ცნობილი, როგორც „ხამუთები“] ეკეთა. თხოვნაზე, ცოტათი შეემსუბუქებინათ შებოჭვა – ხათუნა ამბობს, რომ პოლიციელმა პირიქით, უფრო მეტად მოუჭირა.

ხათუნა ბერიძე დაკავებისას. ფოტო: ბათუმელები

„[ირაკლი] დგებუაძე [ბათუმის პოლიციის უფროსი] მიდგას გვერდით, მარჯვენა მხარეს და მაგინებს დედის მისამართით. მე ვუთხარი, ვის აგინებ-მეთქი, რაზეც დამდო ბრალი, რომ მე ვაგინებდი მას. მე ზოგადად, არ მჩვევია გინება.

მოვიდა მეორე პოლიციელი, ვისთანაც მქონდა შელაპარაკება – ბესელია და პირდაპირ თვალი-თვალში გამიყარა, დამაყენა და პოლიციელების თანდასწრებით უშვერი სიტყვებით – შე ასეთო, შე ისეთო.. ძალიან დამამცირებელ სიტყვებს მეუბნებოდა, ვერც კი გავიმეორებ მათ. ძალიან შემრცხვა, ყველა ჩემ ირგვლივ მამაკაცი იყო.. წამიყვანეს, თან მეუბნებოდნენ მთელი ცხოვრება ამოგალპობ ციხეშიო. გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც ვუთხარი, რომ მიჭერს ცალუღები -მეთქი, სისხლი აღარ მოძრაობდა, სულ გათეთრებული მქონდა ხელები. მიყვანიდან დაახლოებით 5-10 წუთში მომხსნეს, ისიც მოხსნის დროს ხელი გამიჭრა პოლიციელმა – ეს შემთხვევით, თვითონაც გაიჭრა.

რაღაც ცხოველური დამოკიდებულება იყო, არც დაკავების ფორმა, არც ქალთან მოპყრობა.. ერთმა მკერდზე მომკიდა ხელი დაკავებისას, რომ გავყავდით… რამდენჯერ ვყოფილვარ დაკავებული, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არასდროს ჩემთვის პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მით უფრო არ უგინებია, ამ ორმა პოლიციელმა ყველა ზღვარს გადააცილა“.

ჩვენს კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა პოლიციელების მხრიდან შეხება ყოფილიყო სექსუალური შევიწროება, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს შემთხვევით მოხდა დაკავებისას – „მაგრამ ეს დამცირება, ჩემი შეურაცხყოფა იყო სრულიად გამიზნული. გამაჩერეს კიდეც მხოლოდ იმისთვის, რომ ეგინებინათ.“

აქტივისტის თქმით, დაახლოებით 30-36 საათი იყო დაკავებული, რა დროსაც მასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. ხათუნამ ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა, მათ შორის, იმ დაზიანებებზე, რომლებიც იმ დროისთვის ეტყობოდა.

„ეს იყო შურისძიება. ეს იყო ზიზღით ანთებული თვალები, მსგავსი მოპყრობა არცერთი პოლიციელის მხრიდან არასდროს მინახავს. თითქოს რაღაც დავუშავე ამ ორ ადამიანს და შურისძიების მომენტი ჩაუვარდათ”.

რაც შეეხება გამოძიებას, აქციაზე დაკავებულთა მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ამჟამად სპეციალური საგამოძიებო სამსახური იკვლევს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამატებას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები.


უკანასკნელ დღეებში რუსეთიდან ბათუმში ორჯერ შევიდა საკრუიზო გემი. პირველად ეს 27 ივლისს მოხდა. საკრუიზო გემის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეორედ იგივე გემი 29 ივლისს შემოვიდა, მოქალაქეები მას კვლავ დახვდნენ საპროტესტო აქციებით. აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი