საზოგადოება

საკრუიზო ლაინერის მგზავრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციაზე

27 ივლისი, 2023 • 5214
საკრუიზო ლაინერის მგზავრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციაზე

ბათუმში საკრუიზო ლაინერით ჩამოსული მგზავრი ამბობს, რომ ნამყოფია აფხაზეთში. უცნობია, რა რეაგირება აქვს შსს-ს შესაძლო კანონდარღვევაზე.

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან შემოვიდა საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“, რომლის ბორტზე მყოფ მინიმუმ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ ჩვენ დახმარება გვთხოვეს. თქვენ ხომ მათკენ ტანკებით წახვედით. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში. ვნახეთ სახლები ფანჯრების გარეშე. თქვენ მიერ დანგრეული სახლები იყო“, — ამბობს საკრუიზო ლაინერის მგზავრი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, რამე მოკვლევა თუ დაიწყო საქართველოში შემოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრის მიერ შესაძლო კანონდარღვევაზე. უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
  • ცხინვალის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

უცნობია, საკრუიზო ლაინერის მგზავრი აფხაზეთში ამ კანონის მიღების (2008 წლის ოქტომბერი) შემდეგ იმყოფებოდა თუ არა და რა გზით.

27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE შემოვიდა, რომელმაც კრუიზი რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან დაიწყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/489362/

მასალების გადაბეჭდვის წესი