ახალი ამბები

პოლიციამ განზრახ მისცა არასწორი ჩვენება, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება – SJC

1 აგვისტო, 2023 •
პოლიციამ განზრახ მისცა არასწორი ჩვენება, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს პროკურატურას და მოუწოდებს, გამოძიება დაიწყოს პოლიციელთა მიერ განზრახ არასწორად მიცემული ჩვენების საქმეზე.

როგორც ცენტრი ამბობს, 2022 წლის 20 ნოემბერს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივებმა თავისუფლების მოედანზე დააკავეს  დავით ნარსავიძე და ირაკლი კვეკვესკირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საფუძვლით.

ნარსავიძეზე და კვეკვესკირზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს დაკავების მომენტში და მათი ძველი თბილისის VII სამმართველოში გადაყვანისას. შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 26 ნოემბერს დაიწყო გამოძიება.

„2023 წლის 7 თებერვალს დაკავებულების მიმართ გამართულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივები. შსს-ს მოწმეები საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ განზრახ არასწორ ინფორმაციის აწვდიდნენ სასამართლოს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.

სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა Ეს მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისთვის, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ცენტრი ასევე დასძენს, რომ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკავებულები გამართლდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებებში.

„აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მათი ჩვენებების ნამდვილობის ნეიტრალური მტკიცებულებით დადასტურების გარეშე ხდება. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოწმე პოლიციელების ჩვენებების სარწმუნობას და სანდოობას არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კონკრეტული პირის/პირების ბრალდების საკითხის გადაწყვეტისთვის, არამედ არსებული პრობლემის პრაქტიკულ დონეზე გამოსწორებისთვის.

იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური კონფლიქტების საპოლიციო ძალებით მართვამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო და საპოლიციო თვითნებობა და ძალის გადამეტება კვლავაც რჩება მწვავე გამოწვევად ადამიანის უფლებებისთვის, კრიტიკულად აუცილებელია:

  • საქართველოს პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მიერ სავარაუდო ცრუ ჩვენებით მართლმსაჯულებისათვის ხელშეშლის ფაქტზე და გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და გამჭვირვალედ აწარმოოს;
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 20 ნოემბერს მომხდარ სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“, – ვკითხულობთ SJC-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი