ახალი ამბები

ქურდოვანიძე: შსს არ გვაძლევს ინფორმაციას, სად არიან ბათუმში დაკავებულები

31 ივლისი, 2023 •
ქურდოვანიძე: შსს არ გვაძლევს ინფორმაციას, სად არიან ბათუმში დაკავებულები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევს ინფორმაციას, თუ სად იმყოფებიან ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები.

ქურდოვანიძის თქმით, უფლებადამცველები დაკავებულებს ყველგან ეძებენ, მათ შორის, ბათუმის მიმდებარე ქალაქებშიც:

„ბათუმში მიმდინარე აქციისას 23 პირია დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციები – საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საფარი- ერთობლივი ძალებით ვცდილობთ მათი უფლებების დაცვას. ამისთვის, მინიმუმ, დაკავებულების მონახულებაა საჭირო.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვაძლევს ინფორმაციას, სად არიან დაკავებულები. მათ ვეძებთ ყველგან, ბათუმთან ახლოს მდებარე ქალაქებშიც. იმ ელემენტარული სტანდარტის დაცვა მაინც რა გახდა, რომ დაკავებულებს ადვოკატებთან წვდომა არ შეუზღუდოთ“, — ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

რა ხდება ბათუმში

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა . პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

დაახლოებით 10:20 საათზე ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ასევე, კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ისხდნენ ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები.

ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი.

მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ნავსადგურის მიმდებარედ ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

პარტია “დროას” ცნობით, დაკავებულებს შორისაა გენრი დოლიძე, რომელიც პარტიის ბათუმის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამასთან, “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეა.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი