საზოგადოება

ბათუმში აქციაზე 23 ადამიანი დავაკავეთ — შსს

31 ივლისი, 2023 • 3807
ბათუმში აქციაზე 23 ადამიანი დავაკავეთ — შსს

ბათუმში გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს, პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-დან მიაწოდეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.

პარტია “დროას” ცნობით, დაკავებულებს შორისაა გენრი დოლიძე, რომელიც პარტიის ბათუმის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამასთან, “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლის,ს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა . პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

დაახლოებით 10:20 საათზე ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ასევე, კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ისხდნენ ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები.

ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი.

მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ნავსადგურის მიმდებარედ ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამავე თემაზე:

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

“უკრაინის მოქალაქე ვარ” — ბათუმში, აქციაზე, ქალი დააკავეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი