საზოგადოება

პროტესტი ბათუმში: ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი პოლიციის ძალით გამოიყვანეს

31 ივლისი, 2023 • 2011
პროტესტი ბათუმში: ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი პოლიციის ძალით გამოიყვანეს

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები აპროტესტებენ რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი, კვერცხებისა და ბოთლების სროლა . ტრანსპორტში ისხდნენ ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა . პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

შსს-ს ბოლო ინფორმაციით, პროტესტის მიმდინარეობისას პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

პოლიცია ამბობს, რომ ორმაგი ჯებირები, რომელთა მეშვეობითაც ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს, “უსაფრთხოების” მიზანს ემსახურება.

პოლიციამ გადაკეტა ნავსადგურის მიმდებარე გოგებაშვილის ქუჩის ერთი ზოლიც, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამავე თემაზე:

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი