ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ლობიზმში კალაძეც ადანაშაულებს

27 ივლისი, 2023 • 1286
აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ლობიზმში კალაძეც ადანაშაულებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, FARA-ს დოკუმენტში გარკვევით წერია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც ჩართული იყო ლობირების პროცესში.

კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას  და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაშია.

„შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა, ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ რა შუაში ვართ? როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო დეზინფორმაციას უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ მისმა რომელიმე თანამშრომელმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში მიიღო მონაწილეობა. განცხადება საელჩომ 26 ივლისს გაავრცელა.

რა ხდება

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიასთან კონტრაქტი მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას აქვს გაფორმებული და ლობისტური მომსახურების საფასური 75 451 დოლარს შეადგენს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ლობისტური კომპანიის დასახულ მიზნებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შესატანად და კოორდინირება ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მაიკლ მაკ-კოლისთვის მასალების გადასაცემად.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანიის აქტივობებს/სერვისებს შორისაა კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირებთან თბილისში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მისცემოდათ.

დოკუმენტის თანახმად, აქტივობებს შორის იყო 2 სატელეფონო ზარი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. ამ უკანასკნელთან ლობისტებს ორი საკითხის განხილვა სურდათ:

პოლონური მხარის თხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი, მიეცათ პოლონელი სპეციალისტებისთვის სააკაშვილის მკურნალობის ნებართვა;

მაგნიტსკის სია და შეხვედრის დაგეგმვა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე.

დოკუმენტში არ ჩანს ფაქტი, რომ საელჩოს თანამშრომელი რამე ფორმით დაეხმარა ლობისტური კომპანიის წარმომადგენლებს ამ საკითხების მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების” მოკავშირე პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი ზემოხსენებული კომპანიის ლობისტურ საქმიანობაში.

რისთვის გადაუხადა სააკაშვილის ოჯახმა ფული ამერიკულ ლობისტურ კომპანიას

მასალების გადაბეჭდვის წესი