ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან აშშ-ის იუსტიციის დეპარატემენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილისთვის ლობისტური კომპანიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
მათი თქმით, ეს არის მტკიცებულებები იმისა, „თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი სახელმწიფოს“.
სააკაშვილისთსვის დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობები
უცხოელი აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. დოკუმენტის თანახმად, კომპანიასთან კონტრაქტი მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას აქვს გაფორმებული და ლობისტური მომსახურების საფასური 75 451 დოლარს შეადგენს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ლობისტური კომპანიის დასახულ მიზნებს შორის იყო: მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება; კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შესატანად; კოორდინირება ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მაიკლ მაკ-კოლისთვის მასალების გადაცემისთვის; განხილვა და დახმარების მოთხოვნა, სააკაშვილის ვითარების გამო საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით წერილების გაგზავნა ბლინკენთან და მაკ-კოლთან.
ამავე დოკუმენტში ლობისტური კომპანიის მიზნებს შორის იყო ნიუ-იორკში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მოწყობა და მისთვის სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა. ასევე ლობისტური კომპანიის აქტივობებს შორისაა კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირებთან თბილისში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მისცემოდათ.
სააკაშვილისთვის დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობები უკავშირდება ევროპულ ინსტიტუტებსაც. კერძოდ, FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლობისტური კომპანიის აქტივობებს შორისაა: ევროპარლამენტისთვის შესათავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება; ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება; კომუნიკაცია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად; სტრატეგია და კომუნიკაცია კლიენტების კონსულტანტებთან და ქართველ ადვოკატებთან – საქართველოში სასამართლო პროცესებზე, ასევე პროცესებზე ევროპარლამენტსა და სტრასბურგში, და ამ პროცესებთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებზე.
„მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი სახელმწიფოს“
სწორედ ევროპარლამენტთან დაკავშირებულ ლობისტურ აქტივობებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მას „სკანდალურს“ უწოდებს.
მისი თქმით, FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტები გვამცნობს, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა „კეთილმოსურნე“ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ჩაემატებინათ სამარცხვინო ჩანაწერები ამ სავსებით უსამართლო რეზოლუციებში“.
„სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ სააკაშვილის თხოვნა, გადაეყვანათ საზღვარგარეთ „შესაბამისი სამედიცინო მკურნალობისათვის“, უარყოფილი იქნა, ვინაიდან მსგავსი მკურნალობა სრულად შესაძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილი ამჟამად სათანადო სასჯელს იხდის. ამგვარად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილის მიმართ „ცუდად მოპყრობის“ კამპანია არა მარტო ხელოვნური, არამედ მთლიანად გაყალბებული იყო.
FARA-ს ახალი დოკუმენტები მთელ ამ ამბავს უფრო დამძიმებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს. სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი , რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი“, – აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს მიმართავს, რომ შეაჩერონ „საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია“ და გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.
„ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მინდა მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა, ახლახან, სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ, ყატარგეითის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი წესები, რათა ევროპარლამენტის წევრებს დაევალოთ, საჯარო გახადონ ინფორმაცია ლობისტებთან კონტაქტის შესახებ. სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას“, – აცხადებს პაპუაშვილი.
სააკაშვილისთვის დაქირავებულ ლობისტური კომპანიაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი სახელმწიფოს და თავად სააკაშვილს „სიმულანტს“ უწოდებს.
„ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. მათი ინტერესია, რომ აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის სიმულანტი სააკაშვილის ოჯახი.
ეს იყო სამსარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსები და, სამწუხაროდ, სხვა ზოგიერთი ევროპელიც. ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი იხდის მილიონებს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაიზანდეს, რეპუტაცია შეილახოს და არა მმართველი პარტიის. ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, კითხვები უნდა დაისვას იმასთან დაკავშირებითაც, თუ საიდან იხდის სააკაშვილის ოჯახი ფულს „ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიისთვის“.
„ამ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერც ერთი ათეულობით მილიონობით დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. კითხვები უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს 100 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას. საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. საიდან აქვთ ეს არადეკლალირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობა სრულად ლეგალურია. აშშ ლობისტებს ავალდებულებს ლობისტურ მომსახურებაზე ხელშეკრულებების გასაჯაროებასა და ოფიციალურ რეგისტრაციას.








