ახალი ამბები

რაჭის ტყეები: ონის ყოფილი მერის და მისი მოადგილის წინააღმდეგ არასამთავრობოებმა პროკურატურას მიმართეს

28 ივლისი, 2023 • 3196
რაჭის ტყეები: ონის ყოფილი მერის და მისი მოადგილის წინააღმდეგ არასამთავრობოებმა პროკურატურას მიმართეს

სამოქალაქო ორგანიზაციების, “მწვანე ალტერნატივისა” და აქტივობების ცენტრის წარმომადგენლებმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში სამონადირეო მეურნეობის გადაცემის საკითხზე პროკურატურას მიმართეს.

კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ ონის ყოფილი მერის, ემზარ საბანაძისა და მისი მოადგილის, დიმიტრი საყვარელიძის მხრიდან იკვეთება შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ორგანიზაციებმა განცხადებით 24 ივლისს მიმართეს პროკურატურას  და უწყებას სთხოვენ, მათ მიერ მითითებულ გარემოებებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, მტკიცებულებები შემჭიდროებულ ვადებში მოიპოვოს და დამნაშავე პირები ამხილოს.

აღნიშნულ განცხადებაში ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ემზარ საბანაძის მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის დანაშაულები, დიმიტრი საყვარელიძის მხრიდან კი, მხოლოდ სამსახურებრივი სიყალბე.

ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადების თაობაზე, რომლითაც კომპანია 49 წლის ვადით რაჭასა და ქვემო სვანეთში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის ჩატარებამდე პოზიციების წერილობით წარდგენა სთხოვა ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს.

2019 წელს აღნიშნულ მიმართვაზე ონის იმდროინდელმა მერმა ემზარ საბანაძემ დადებითად უპასუხა და განაცხადა, რომ მერიამ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა და მერია თანახმაა, “სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის საკითხი გადაწყდეს დადებითად”. მოგვიანებით, 2020 წელს, ანალოგიური შინაარსის წერილი ონის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთხელ მისწერა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ამჯერად ხელს აწერდა მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი საყვარელიძე:

„გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლის მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი“, — წერდა ის.

თუმცა „მთის ამბების” მიერ 2022 წლის 10 და 19 ივლისს გამოთხოვილ ინფორმაციაში არ მოიპოვებოდა დოკუმენტები, რომლებიც სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას დაადასტურებდა. გარდა ამისა, 2023 წლის ივლისში, საგამოძიებო ფილმზე მუშაობისას, “მთის ამბებმა” ღებსა და ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ონის მერის წარმომადგენლები ჩაწერა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ არც მერი და არც მერის წარმომადგენელი ამ საკითხზე არ დაკავშირებით და არც თავად ჰქონიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია.

გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადების თანახმად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე თანხმობის გაცემიდან 4 თვეში, ემზარ საბანაძე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ერთ-ერთ დირექტორად დაინიშნა და მუშაობის პირველ 7 თვეში 30 ათასი ლარი აიღო ხელფასის სახით.

“მერის თანამდებობიდან წასვლასა და შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დანიშვნას შორის არსებული დროის მცირე მონაკვეთი და ლიცენზიის გაცემის შესახებ თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ქმედებები, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასა“ და ემზარ საბანაძეს შორის, ჯერ კიდევ მერად მუშაობის პერიოდში, არსებობდა გარკვეული შეთანხმება, რამაც განაპირობა, ფინანსური/თანამდებობრივი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, კომპანიის ინტერესები გატარება”, — განმარტებულია ორგანიზაციების განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ემზარ საბანაძეს, თუმცა  ჩვენს ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

27 ივლისს მას ესაუბრა “მთის ამბები”. ჟურნალისტთან საბანაძემ განაცხადა, რომ დეკლარაციაში მითითებული ერთი წლის ნაცვლად “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაში” მრჩევლის პოზიციაზე მხოლოდ სამი თვე მუშაობდა და კომპანიაში დასაქმების პერიოდში ონის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას არ იკავებდა.

“მერიც ვიყავი და იქაც ვმუშაობდი? რეებს ლაპარაკობთ, ლოგიკასთან ახლოს ხომ უნდა იყოთ, რაღაცას რომ ამბობთ?”, — უთხრა “მთის ამბებს” საბანაძემ.

რაც შეეხება სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებას, მისი თქმით, მოსახლეობა ინფორმირებული იყო ამ საკითხზე და ამის დასტურად კრების ოქმიც არსებობს.

“რატომ იყო სამსახურებრივი სიყალბე? ვინ გითხრათ, რომ არ იყო მოსახლეობა ინფორმირებული. ამაზე სპეციალურად ჩავატარეთ… ნახეთ თვითონ ის დოკუმენტები. ამაზე კრების ოქმიც არსებობს, ხალხთან შეხვედრების გრაფიკიც და ხალხთან შეხვედრების სიტუაციის აღწერის ნიუანსებიც”, — უთხრა საბანაძემ “მთის ამბებს”.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა პროკურატურასაც, სადაც განგვიცხადეს, რომ მიღებული განცხადების შესწავლა დაწყებულია და გამოძიება ასეთ მოკლე ვადებში ვერ დაიწყებოდა.


კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ, არაერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. მან აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 11 ლარად შეიძინა.

აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. მოგვიანებით, 2022 წლის ივნისში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა.

დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

რაჭის ტყეებში დაცული ტერიტორიების შექმნასა და ხიდაშელის კომპანიის შესახებ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი