ახალი ამბები

პუტინი პოლონეთს: ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას ვუპასუხებთ

21 ივლისი, 2023 • 1907
პუტინი პოლონეთს: ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას ვუპასუხებთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ პოლონეთს სურს უკრაინის და ბელარუსის ტერიტორიების ოკუპაცია.

პუტინი ვარშავას აფრთხილებს, რომ ბელარუსზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმა იქნება.

„არ შემიძლია, კომენტარი არ გავაკეთო იმაზე, რაც ითქვა [საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინთან შეხვედრაზე] და პრესაში გავრცელებულ ცნობებზე ე.წ. პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული ფორმირების შექმნის გეგმების შესახებ. საუბარია არა რაღაც დაქირავებულთა შეკრებაზე — ისინი ისედაც საკმარისად არიან და ნადგურდებიან — არამედ რეგულარულ, კარგად შეკრულ, აღჭურვილ სამხედრო ნაწილზე, რომლის გამოყენება იგეგმება უკრაინის ტერიტორიაზე ოპერაციებისთვის, მათ შორის, ვითომდა თანამედროვე დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციისთვის. პერსპექტივა აშკარაა — თუ პოლონური შენაერთები შედიან, მაგალითად, ლვოვში ან უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, მაშინ ისინი დარჩებიან იქ სამუდამოდ“, — განაცხადა პუტინმა.

პუტინს არ დაუკონკრეტებია, პრესაში გავრცელებულ რა ინფორმაციას გულისხმობს. სამმხრივი ლიტვა-პოლონურ-უკრაინული (LITPOLUKRBRIG) ბრიგადა შექმნილია 2014 წელს და ის ეხმარება უკრაინელი სამხედროებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად გადამზადებაში. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, LITPOLUKRBRIG-მა დაიწყო ოპერაცია „ერთიანი მშვიდობისთვის“, რათა დაეხმაროს პოლონეთის მე-11 დივიზიას უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში, უკრაინის დახმარების ლოჯისტიკის კოორდინაციაში, უკრაინაში სიტუაციის ოპერატიული მონიტორინგისა და საზღვრის მართვის კოორდინაციაში.

ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ პოლონეთმა ლიეტუვას სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება შესთავაზა. პოლონეთმა, ასევე, გაგზავნა სპეციალური ძალების კონტინგენტი ლიეტუვაში, ვილნიუსში ნატოს სამიტის დასაცავად.

პუტინი აცხადებს, რომ პოლონეთი, ალბათ, მოელის, შექმნას რამე სახის კოალიცია „ნატოს ქოლგის ქვეშ“ და უშუალოდ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში, რათა შემდეგ „დაიბრუნოს, როგორც თავად თვლიან, [პოლონეთის] ისტორიული ტერიტორიები“.

მისი თქმით, პოლონეთს ასევე სურს მიიღოს ბელორუსის მიწების ნაწილი, მაგრამ ბელარუსის მიმართ აგრესია „ჩაითვლება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიად“.

„ამაზე ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, — განაცხადა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთს სურს, ახალი ქვეყნები ჩაითრიოს უკრაინის კონფლიქტში.

მანამდე კრემლი გამოეხმაურა პოლონეთის გადაწყვეტილებას, მეტი სამხედრო ნაწილები განალაგოს აღმოსავლეთ საზღვარზე. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვარშავის მზარდი მტრული დამოკიდებულება მოითხოვს მეტ ყურადღებას რუსეთისა და ბელორუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნის გამო, პოლონეთის უშიშროების კომიტეტმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, სამხედრო ნაწილები გადაიყვანოს ქვეყნის აღმოსავლეთით.

თავდაცვის მინისტრმა თვის დასაწყისში თქვა, რომ პოლონეთმა დაიწყო 1000-ზე მეტი ჯარისკაცის გადაყვანა ქვეყნის აღმოსავლეთით.

ასევე, ივლისის დასაწყისში პოლონეთმა განაცხადა, რომ გაგზავნის 500 პოლიციელს ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი