დღეს, 19 ივლისს, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა 7-8 მარტის აქციების მონაწილე თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე. პროცესზე ბრალდების მოწმე, გამომძიებელი თამარ ბახია დაკითხეს.
სასამართლოზე დაკითხვისას მოწმემ განაცხადა, რომ თორნიკე აკოფაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. კერძოდ, მისი თქმით, 2023 წლის 6-7 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარეობისას, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის მიზნით, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები შეისწავლა და აღწერა, რის შემდეგაც დათვალიერების ოქმი შეადგინა:
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩავატარე სულ ორი საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ, 2023 წლის 6-7 მარტს რუსთაველის გამზირზე განხორციელებული აქციის ფარგლებში კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების გამოვლენის მიზნით ჩემ მიერ დათვალიერებულ იქნა სოციალურ ქსელ ფეისბუკის, კონკრეტულად, ტელეკომპანია „პოსტივის“ და „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იყო სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილე პირების მიერ.
შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში არსებული გამოსახულებები ჩემ მიერ იყო სრულად აღწერილი, რაზეც შედგა დათვალიერების ოქმები და რის შემდგომაც ჩემ მიერ ხელმოწერილი იქნა აღნიშნული ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩამიტარებია“, — განაცხადა მოწმემ.
ბრალდების მხარეს მოწმესთან მეტი შეკითხვა არ ჰქონია, დაცვის მხარე კი დაინტერესდა, დანიშნა თუ არა გამომძიებელმა ექსპერტიზა აღნიშნული ვიდეოჩანაწერების უწყვეტობის დასადგენად:
„როდესაც დაათვალიერეთ ეს ვიდეოჩანაწერები, რამდენად უწყვეტი ან დამონტაჟებული იყო, ექსპერტიზა არ დაგინიშნავთ?“ — ჰკითხა მოწმეს თორნიკე აკოფაშვილის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ, რაზეც მოწმემ განუცხადა, რომ კადრები მხოლოდ დაათვალიერა და აღწერა ის ეპიზოდები, სადაც მისი შეფასებით, სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი.
ადვოკატის კითხვის საპასუხოდ, მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, დაუმონტაჟებელი და უწყვეტი იყო თუ არა აღნიშნული ჩანაწერები.
აღნიშნული კადრები, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე მოწმემ ისაუბრა, თორნიკე აკოფაშვილის საქმის მასალებს აქვს თან დართული, თუმცა დღევანდელ პროცესზე აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ.
აკოფაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აკოფაშვილის ადვოკატისა და საქმის პროკურორის საშვებულებო პერიოდის გათვალისწინებით, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე დანიშნა.
თორნიკე აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე ითხოვდა იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია. დაცვის მხარე ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოიხსნა.
მარტში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით სულ ორი პირია ბრალდებული — ლაზარე გრიგორიადისი და თორნიკე აკოფაშვილი. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ამავე თემაზე:








