საზოგადოებასამართალი

8-9 მარტის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

21 აპრილი, 2023 • 8872
8-9 მარტის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

8-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და  კიდევ ერთი ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიხილოს. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 21 აპრილს, პარლამენტთან გააკეთეს.

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოთხოვნის უფლება არ ვრცელდება იმ მუხლებით ბრალდებულებისთვის, რომლებსაც გრიგორიადისს და აკოფაშვილს პროკურატურა ედავება. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა მიიღოს “გირჩის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც იმ დანაშაულთა წრის გაზრდას ითვალისწინებს, სადაც გამოყენებული იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. კერძოდ, იაგო ხვიჩია ითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებს დაემატოს ის დანაშაულებიც, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლები.

“ბევრჯერ გავაჟღერე, რომ დღევანდელი საქართველოს სასამართლოს არავინ ენდობა, მეც არ ვენდობი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბიჭი გაასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. სადაც მივიღებთ იმ სიმართლეს, რასაც ხალხი ელოდება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონში აღნიშნული ცვლილებები არ შევა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესია ლაზარე გრიგორიდისის დაკავება.

ამასთან, გრიგორიადისის ოჯახი ითხოვს გირაოს სანაცვლოდ ლაზარეს გათავისუფლებასაც.

პარლამენტთან განცხადება გააკეთა თორნიკე აკოფაშვილმაც, რომელიც 8 მარტს დააკავეს და მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მის ან ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევაში მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ამიტომ სურს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეს განსახილველად.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნაფიც მსაჯულთა მხარეს გადავიდეს ეს ყველაფერი [საქმის განხილვა], რადგან ყველამ კარგად ვიცით, თუ რა განაჩენს გამოიტანს მურუსიძეების სასამართლო. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს თუ ლაზარეს შემთხვევაში, დიდი ალბათობით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს”, – განმარტა თორნიკე აკოფაშვილმა.

აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, სადაც განმარტებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩართვა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია და არსებითია, რომ “მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ”

პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე.

ამასთან, პეტიციის მოთხოვნაა, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გირაოთი გათავისუფლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი