ახალი ამბებისამართალი

„ვინაობა კონფიდენციალურად მითხრეს“ — აკოფაშვილის საქმეზე პოლიციელი დაიკითხა

26 ივნისი, 2023 • 1503
„ვინაობა კონფიდენციალურად მითხრეს“ — აკოფაშვილის საქმეზე პოლიციელი დაიკითხა

დღეს, 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო, რის ფარგლებშიც პროკურატურის მოწმე, ფილიმონ აბრამიშვილი დაკითხეს.

აბრამიშვილი, რომელიც ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, ის პირია, რომელიც აცხადებს, რომ დაინახა თუ როგორ დაარტყა ლახტის მაგვარი ნივთი თორნიკე აკოფაშვილმა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს 7 მარტს.

მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 7 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყებიდან იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ მართლწესრიგს იცავდა, თუმცა აღნიშნა რომ ლოკაციებს სიტუაციის ცვლილებიდან გამომდინარე იცვლიდა და რა დროს რა ადგილას იმყოფებოდა, არ ახსოვს. ამასთან აბრამიშვილი ამბობს, რომ თან არ ჰქონდა სამსახურებრივი გადამცემი, თუმცა მის სიახლოვეს სხვა თანამშრომელი იმყოფებოდა.

აბრამიშვილი აცხადებს, რომ ზუსტი დროის მითითება არ შეუძლია, თუმცა მაშინ როდესაც ის პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უკან, შემაღლებულზე იდგა დაინახა, რომ თორნიკე აკოფაშვილი ხალხის მასას გამოეყო, სპეცრაზმის ცოცხალ კედელს მიუახლოვდა, ლახტის მაგვარი საგანი აიღო და სპეცრაზმელს დაარტყა. მისი თქმით, ამ დროს მასსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კორდონს შორის 10-20 მეტრიანი დისტანცია იქნებოდა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდებულის მიერ მოქნეული ლახტი სავარაუდოდ, ზურგის არეში მოხვდებოდა. რაც შეეხება სპეცრაზმელთა ფარების განლაგებასა და ეკიპირების საკითხს, მოწმე აცხადებს, რომ მოვლენებს უკანა მხრიდან აკვირდებოდა, შესაბამისად მისთვის უცნობია რა პოზიციაში ეკავათ გდდ-ის თანამშრომლებს ფარები, თუმცა აწეული (ანუ თავს ზევით) არ ჰქონდათ.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენი თანამშრომლის მიმართ განახორციელა მისი შეფასებით ეს ქმედება ბრალდებულმა, აბრამიშვილმა განაცხადა, რომ „ორს მოხვდებოდა“, თუმცა როგორც დაცვის მხარემ პროცესზევე აღნიშნა, თავდაპირველ ჩვენებაში ბრალდების მოწმე მხოლოდ ერთი სპეცრაზმელის დაშავებაზე ჰყვებოდა.

აღნიშნულ საკითხს მხარეებს შორის პოლემიკა მოჰყვა. საბოლოოდ, მოსამართლემ კითხვის მოხსნაზე ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ როგორც პირვანდელი ჩვენების მიხედვით, ასევე სასამართლოში დაკითხვისასაც მოწმემ განაცხადა, რომ ლახტი ერთ სპეცრაზმელს მოხვდა, ხოლო მეორის დაზიანების შესაძლებლობაზე ვარაუდი გამოთქვა.

ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, აღნიშნული ფაქტის დანახვისას მისთვის ცნობილი არ იყო თორნიკე აკოფაშვილის ვინაობა, თუმცა მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედება შენიშნა მის თანამშრომელთან ერთად დაიწყო მსჯელობა როგორ დაედგინათ აღნიშნული პირის ვინაობა. აბრამიშვილი აცხადებს, რომ იმავე დღეს, მის საკურატორო არეალში, თორნიკე აკოფაშვილის ვინაობის შესახებ ცნობები მას კონკრეტულმა პიროვნებამ კონფიდენციალურად მიაწოდა, რის შემდეგაც ინფორმაცია პოლიციის საინფორმაციო ბაზაში გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ მართლაც თორნიკე აკოფაშვილი დაინახა:

„კანონის შესაბამისად პატაკით მივმართე ჩემს ხელმძღვანელს და გამოვიკითხე საგამოძიებო ორგანოში,“ — განაცხადა ბრალდების მოწმემ.

თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, მას შემდეგ, რაც მისი შეფასებით დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველი გახდა, რა მოიმოქმედა, მოუწოდა ვინმეს აღნიშნული პირის დაკავებაზე, თუ სხვა ზომას მიმართა, რაზეც აბრამიშვილმა თქვა, რომ დაინტერესდა მისი ვინაობით, თუმცა არავითარი ბრძანება არ გაუცია.

შეკითხვაზე, რა ბედი ეწია სპეცრაზმელს, რომელსაც ლახტი მოხვდა, აბრამიშვილი ამბობს – „არ ვიცი, მგონი გაიყვანეს“.

პროცესის დასასრულს, თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს თხოვნით მიმართეს ივლისის თვეში შემდგომი სხდომა არ დაენიშნა, რაკიღა სამიდან ორი ადვოკატი საქართველოდან მიემგზავრებოდა და მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვაში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას, რითაც მათი შეფასებით, ბრალდებულის დაცვის უფლება შეილახებოდა, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი ერთი ადვოკატის დასწრების შემთხვევაშიც გაიმართებოდა და 17 და 19 ივლისს 16:00 საათზე ორი პროცესი დანიშნა.

თორნიკე აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სისხლის სამართლის ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის განიხილავს მოსამართლე, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე ითხოვდა იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია. დაცვის მხარე ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი