სამართალი

მარტის აქციების მონაწილე თორნიკე აკოფაშვილს სასამართლომ ჯარიმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა

19 ოქტომბერი, 2023 • 1608
მარტის აქციების მონაწილე თორნიკე აკოფაშვილს სასამართლომ ჯარიმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა

დღეს, 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა დაასრულა.

სასამართლომ აკოფაშვილს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და 2- წლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აკოფაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურდა. როგორც მოგვიანებით, „ნეტგაზეთს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუმარტეს, მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ.

2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა. მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.

ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა. საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

მარტის აქციებთან დაკავშირებით პოლიციამ ორი ახალგაზრდა, თორნიკე აკოფაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. თორნიკე აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა კი ამ დრომდე გრძელდება.

ლაზარე გრიგორიადისს ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. გრიგორიადისიც და აკოფაშვილიც წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი