ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ტექნიკა და შეიარაღება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცა, განაცხადა უწყების პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
სამინისტროს ცნობით, „ვაგნერისგან“ მიღებულია ტექნიკისა და შეიარაღების 2000 ერთეულზე მეტი, მათ შორის, ტანკები, საზენიტო კომპლექსები, არტილერია, ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და რეაქტიული ცეცხლის სისტემები.
კონაშენკოვის განცხადებით, მიღებული ტექნიკა და შეიარაღება გაივლის ტექნიკურ მომსახურებას შემდგომი გამოყენებისთვის. უწყების მტკიცებითვე, „ვაგნერისგან“ მიღებულია 2.5 ტონაზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ტყვია-წამალიც.
23-24 ივნისს „ვაგნერმა“ თავდაცვის სამინისტრო თავისი ბანაკის დაბომბვაში დაადანაშულა და წამოიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვზე, რომელიც კრემლმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.
ამბოხი დასრულდა 24 ივნისის საღამოს, პრიგოჟინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოლაპარაკებით – „ვაგნერი“ შეაჩერებდა ამბოხს და ბელარუსში გადაიხვეწებოდა, კრემლი კი მათ დევნაზე უარს იტყოდა.
ამბოხს წინ უძღოდა პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო კონფლიქტი.








