ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ პროდასავლური ოპოზიციის ნაცვლად – როგორ დაკომპლექტდა საპარლამენტო დელეგაციები

13 ივლისი, 2023 • 1643
„ხალხის ძალა“ პროდასავლური ოპოზიციის ნაცვლად – როგორ დაკომპლექტდა საპარლამენტო დელეგაციები

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“  საპარლამენტო დელეგაციებში მათ მოხვედრას ხელს უშლის.

მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ახალი პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნა პარლამენტში, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში ცვლილებები შევიდა და  ადგილების ახლებურად განაწილების შემდეგ ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-სთან დაკავშირებულ დელეგაციებში ოპოზიციის ნაწილი საერთოდ ვერ მოხვდა.

ამჟამად პარლამენტში 2 ფრაქცია და 9 პოლიტიკური ჯგუფია, რომელთა ნაწილიც ბოლო პერიოდში შეიქმნა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა  ძირითადად დელეგაციებში ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის ადგილი არაა, უმრავლესობის შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თითქმის  ყველა დელეგაციაშია წარმოდგენილი.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, რეგლამენტის (28-ე მუხლის პირველი და 6¹ პუნქტებით) დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

კერძოდ, ამ წესის მიხედვით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დელეგაციების შემადგენლობა უნდა განსაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ახალი კვოტები ბიურომ 11 ივლისს დაამტკიცა. თუმცა  უცნობია ფორმულა, რითაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში კვოტების პროპორციულობა დაადგინა. ოპოზიციის წევრები, რომლებიც დელეგაციებში კვოტების გადანაწილებით უკმაყოფილო არიან, ამბობენ, რომ საპროცედურო კომიტეტმა პოლიტიკური ინტერესებით იხელმძღვანელა.

მსგავსი განცდა აქვს პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრებსაც. ეს პოლიტიკური ჯგუფი, „რეფორმების ჯგუფთან“ ერთად, სიდიდით მეორეა პარლამენტში,  თუმცა მათთვის მნიშვნელოვან მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, არც ძირითად და არც სათადარიგო შემადგენლობაში, ადგილი ვერ მოიძებნა. ეს მაშინ, როცა მათზე პატარა პოლიტიკური ჯგუფები, მაგალითად, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და ევროპელი სოციალისტები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი დელეგაციებში.

როგორც პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ნეტგაზეთთან ამბობს, დელეგაციებში კვოტები არა პროპორციულობით, არამედ პოლიტიკური ინტერესითაა განაწილებული.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია დელეგაციაში ჰყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ან ზუსტად მის ინტერესებს ატარებენ, ან მეორე რადიკალური მხარეა:

„ბოროტად არის გამოყენებული „ხალხის ძალის“ არსებობა, რადგან ისინი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და ისეთ მნიშვნელოვან დელეგაციებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა(PACE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევრონესტი… პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან დელეგაციებში არიან თავად „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

გასაგებია, რომ „ქართული ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციები აქვს, მაგრამ, მაგალითად, PACE-ის ძირითადად შემადგენლობაშია ორკაციანი პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“, ჩვენს ჯგუფში კი არის 5 წევრი“, – ამბობს ანა ბუჩუკური და დასძენს, რომ მისი მიზანი დელეგაციებიდან ვინმეს ამოგდება არაა და ასეთ დროს ლოგიკური იქნებოდა, პარლამენტს შემადგენლობები გაეზარდა.

ამასთან, ანა ბუჩუკურის თქმით, დელეგაციებში კვოტების გადანაწილების ფორმულასთან დაკავშირებით მათი პოლიტიკური ჯგუფიდან საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ადრეც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„ევროინტეგრაციის იმ პროცესში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, დელეგაციები მნიშვნელოვანია და როდესაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის პროცედურებს გავდიოდით, ვიკითხე, რომელ დელეგაციებში ვიქნებოდით. პარლამენტში მითხრეს, რომ რაღაც ფორმულა არსებობს და იმის მიხედვით ხდება [დელეგაციებში გადანაწილებაო]. ეს ფორმულა ვისაც ვკითხე, არავინ არ იცის, რა არის. რეგლამენტში უბრალოდ წერია, რომ პროპორციულად უნდა იყოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ფორმულა არ ვიცით“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

პარლამენტში ახლად შექმნილი პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძეც ამბობს, რომ ფორმულა, რომლითაც დელეგაციები კომპლექტდება, მისთვისაც გაუგებარია.  მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შემდეგ მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტები თავიდან უნდა გადანაწილებულიყო.

„რა ფორმულაა, მაგალითად, რომ ფრიდონ ინჯია[ევროპელი სოციალისტები] და „ხალხის ძალაა“ თითქმის ყველა დელეგაციაში? თუ „ხალხის  ძალისთვის“ ანაწილებენ თავიდან კვოტებს, ჩვენთვის რატომ არ ანაწილებენ? ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ, ოპოზიციის პროდასავლური პოლიტიკა გამოიკვეთოს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მე ვაპირებ, ყველა საპარლამენტო ასამბლეას მივმართო და ავუხსნა, რა ხდება. თავის დროზე, მე PACE-ს მივმართე, როცა „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი გახდა ერთ-ერთი კომიტეტის მომხსენებელი. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ინიციატივაც იყო „რუსული კანონი“.  ფორმულა საჯარო უნდა გახადონ და დაასაბუთონ. მართლა მაინტერესებს, ვინ წარმოადგენს „ხალხის ძალიდან“ დელეგაციებში საქართველოს, რადგან ეს არის პარლამენტის საგარეო პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

„ხალხის ძალის“ წევრების დამატება  საპარლამენტო დელეგაციებში გაუგებარია „რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიასთვისაც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მმართველი გუნდი ცდილობს პარტნიორებთან ურთიერთობის პრივილეგია ანტიდასავლურ „ხალხის ძალის“ წევრებს მისცეს.

„მნიშვნელოვან დელეგაციებში ვერ მოხვდა 3 ახალი პოლიტიკური ჯგუფი. ხალხი არ უნდა ამოეგდოთ, ვინც იყო დელეგაციებში, მაგრამ ყველა დელეგაცია 9-კაციანი პოლიტიკური ჯგუფისთვის[„ხალხის ძალისთვის“] არის მცდელობა, რომ პრივილეგია და პარტნიორებთან საკონტაქტო ტრიბუნა მხოლოდ ამათ ჰქონდეთ. მაგალითად, მე არ ამომაგდეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობიდან, მაგრამ სხვა ჯგუფებს არ მიეცათ შესაძლებლობა,  რომ ყოფილიყვნენ ამ დელეგაციაში. და ეს  იმ ფონზე, როცა დელეგაციაში არიან „რუსული კანონის“ ავტორები, რომლებიც დასავლეთს ლანძღავენ“, – აცხადებს ნეტგაზეთთან თეონა აქუბარდია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ადგილებს მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტის სიდიდე არ განსაზღვრავს.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნამდე დელეგაციებში ადგილს მანამდე არსებული პოლიტიკური ჯგუფები იკავებდნენ და ახალი ჯგუფის შექმნით ისინი დელეგაციიდან ვერ ამოვარდებიან.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ახალი პოლიტიკური ჯგუფების წევრები იმ დელეგაციებში ნაწილდებიან, სადაც ადგილები იყო დარჩენილი.

„ყველას უნდა ძირითადად 3-4 ორგანიზაციაში და ამდენი ადგილი არ არის საქართველოზე გამოყოფილი. ამიტომ ადგილები განაწილებულია [სუბიექტების] სიდიდის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ ვინ  მოხვდა უფრო ადრე ამა თუ იმ დელეგაციაში. ჩვენ ვერ გავზრდით ამ დელეგაციებში რაოდენობას, რადგან კვოტებს საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყოფს  და ამას საქართველო არ ადგენს.

სანამ მათი პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნებოდა, მანამდე იყო დელეგაციებში ადგილი დაკავებული სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს ადგილი იმის მიხედვით, თუ რამდენკაციანი დელეგაციაა გამოყოფილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მათი სურვილი ერთია და რეალობა მეორეა. ყველას უნდა ერთი და იგივე დელეგაციაში ყოფნა, მაგრამ ყველას ადგილი არ არის. საქართველოსთვის ადგილების გარკვეული რაოდენობა არის გამოყოფილი და ეს რაოდენობა პროპორციულობის წესით უნდა შეივსოს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის კითხვებს, თუ რა ფორმულით ნაწილდება კვოტები დელეგაციებში, ქადაგიშვილის თქმით, თუ ოპოზიციას ეს აინტერესებს, შეეძლო კომიტეტის იმ სხდომას დასწრებოდა, სადაც დელეგაციების შემადგენლობები წყდებოდა.

„მათ თუ რამე კონკრეტიკა აინტერესებდათ, კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდნენ.  კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან და საქმეში არ იხედებიან,  კომიტეტზე კითხვას არ სვამენ, მერე გამოდიან და თავისთვის მომგებიან განცხადებას აკეთებენ“, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომიტეტის სხდომა, რომელზეც ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს, 7 ივლისს გაიმართა და მას ოპოზიციის წევრები მართლაც არ დასწრებიან. თუმცა კითხვა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, პოლიტიკურ ჯგუფებსა და საპარლამენტო ფრაქციებზე გამოყოფილი კვოტების გადანაწილების წესის შესახებ  პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრის მიერ 2 თვის წინ ოფიციალურადაც გაეგზავნა.

წერილში ქადაგიშვილს ჰკითხეს, რა პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციებისთვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების მინიჭება, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და სხვა პრინციპების მითითებით. თუმცა, როგორც „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, ამ წერილზე ქადაგიშვილს პასუხი არ გაუცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი