ახალი ამბები

“თბილისი პრაიდი” საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობაზე საუბრობს

12 ივლისი, 2023 • 813
“თბილისი პრაიდი” საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობაზე საუბრობს

ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდის ფესტივალის ტერიტორიის დარბევასთან დაკავშირებით “თბილისი პრაიდი”  საგამოძიებო უწყებების უმოქმედობაზე საუბრობს. აქტივისტების თქმით, ლისი ვანდერლენდში, სადაც ჰომოფობიური შეკრების მონაწილეები 8 ივლისს შეიჭრნენ, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობის შესახებ. 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო.

დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის, პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე, საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები.

დღეს გვიწევს ფესტივალის ტერიტორიიდან წავიღოთ ნივთები, რადგან ძალადობრივი მოვლენებიდან ოთხი დღე გადის. თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად დაადოკუმენტირა ზიანი, შეინახა ზიანის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რა მოხდა 8 ივლისს

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

როგორც ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს, როცა “თბილისი პრაიდი” მარშს გეგმავდა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც მოძალადეები მედიის ათეულობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს. ძალადობრივი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაშინაც “ალტ-ინფო” იყო.

წელს ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ შსს-სგან დახურული ღონისძიების დაცვის გარანტიები ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

რომელი მუხლებით (არ) იძიებენ 8 ივლისს ჩადენილ დანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი