საზოგადოება

რომელი მუხლებით (არ) იძიებენ 8 ივლისს ჩადენილ დანაშაულებს

10 ივლისი, 2023 • 1225
რომელი მუხლებით (არ) იძიებენ 8 ივლისს ჩადენილ დანაშაულებს

8 ივლისს პრაიდის ფესტივალის ჩაშლის საქმეზე პოლიციას მხოლოდ 2 პირი ჰყავს ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, ესაა ბოლო ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს.

ამ ეტაპზე შსს 8 ივლისს მომხდარ ფაქტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი და სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) ერთი მუხლით იძიებს:

პირველ ორ შემთხვევაში საუბარია 173-ე და 166-ე მუხლებზე, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მეორე შემთხვევაში, ესაა სსკ-ის 177-ე მუხლი — ქურდობა.

არის თუ არა ეს საკმარისი? ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ფიქრობს, რომ — არა. მისი ხედვით სხვა მუხლებით გამოძიების დაწყების საჭიროება იკვეთება როგორც ძალადობრივი ჯგუფების, ისე პოლიციელების მიმართ.

“ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის დევნა

სანამ 8 ივლისს შეიკრიბებოდნენ, პრო-რუსული  “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები პრაიდის ფესტივალის ძალადობრივად ჩაშლას დღეების მანძილზე აანონსებდნენ.

“8 ივლისს, შუადღის 12 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ვიკრიბებით, ავდივართ ლისზე და მაგათ დაანონსებულ გეი ფესტივალს ჩავშლით. რაც მთავრობამ უნდა აღკვეთოს წესით, ჩვენ აღვკვეთთ”, — თქვა “ალტ-ინფოს” ლიდერმა ზურაბ მახარაძემ ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში და “ხალხის ტრანსპორტირებისთვის” თანხების მობილიზებაც გამოაცხადა.

“ავალთ ზემოთ და დედას ვუტირებთ იმათ”, — აცხადებდა მახარაძე კიდევ ერთ ვიდეოკომენტარში.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, წინასწარ დაანონსებული და შემდგომ უკვე სისრულეში მოყვანილი ქმედებები შეიძლება შეფასდეს, როგორც მინიმუმ, დევნად.

“ეს არ ყოფილა მშვიდობიანი აქცია. მისი შინაარსი იყო კანონს მიღმა და [წინასწარაც] ამბობდნენ, რომ რახან კანონი არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით შევაჩერებთ ამ ყველაფერსო. ამიტომ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ,არის პრაიდისა და მისი წევრების დევნა”, — ეუბნება ადვოკატი “ნეტგაზეთს”.

ედუარდ მარიკაშვილი 

ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და სხვა გარემოებათა გამო სსკ-ის 156-ე მუხლი არეგულირებს. ბოლო ინფორმაციით, ამ მუხლით გამოძიება არცერთ უწყებას არ დაუწყია.

მარიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზეც, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა იქაურობა დაარბიეს, გაანადგურეს ინვენტარი და ტექნიკა. სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას სსკ-ის 187-ე მუხლი არეგულირებს. ბოლო მონაცემებით, ამ მუხლით შსს-ს დაწყებული არ აქვს გამოძიება.

“ნეტგაზეთის” მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს ისიც, თუ როგორც დაიტაცეს ტერიტორიაზე შეჭრილებმა ფესტივალისათვის გამზადებული ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები პოლიციის თვალწინ.

ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც შსს 8 ივლისის მოვლენებს იძიებს, ქურდობაა. თუმცა ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძარცვასაც (სსკ-ის 178-ე მუხლი), ვინაიდან მოძალადე ჯგუფები სხვის ქონებას ყველას თვალწინ იტაცებდნენ.

“ის, რასაც ყველას თვალწინ იღებდნენ, ეგ უკვე ძარცვაა. ქურდობა არის ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ სხვისი ნივთის დაუფლება. შეიძლება [მაგ ფორმითაც] მოიპარეს, მაგამ ძარცვაც არის”, — დასძენს ადვოკატი.

ამ ყველაფერთან ერთად, მარიკაშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს სამართლებრივი შეფასების მიცემას “ამ ძალადობის ორგანიზატორებისთვის”.

“ვგულისხმობ [ზურაბ] მახარაძეს და მის კოლეგებს, ისევე როგორც იმას, რომ მთლიანად ეს პროცესი იყო ძალადობის ორგანიზება და დევნა [პრაიდის წარმომადგენლებისა]”.

კითხვები პოლიციისადმი

ედუარდ მარიკაშვილის აზრით, იმ ფონზე, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა მოახერხეს ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრა და პრაიდის ფესტივალის ჩაშლა, გამოკვლევას საჭიროებს პოლიციის შესაძლო გულგრილობისა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხებიც.

“პოლიციის ნაწილში მინიმუმ გულგრილობა არის, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ყველაფრის დაცვა უზრუნველეყოთ. ისე არ არის, რომ თითქოს ყველაფერი გააკეთეს, თუმცა შეკავება ვერ შეძლეს. კი ცდილობენ ასე წარმოჩენას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ და, როგორც ვიცი, “თბილისი პრაიდსაც” ასეთი პოზიცია აქვს, რომ შსს-მ სათანადო ნაბიჯები არ გადადგა იმისთვის, რომ ეს ძალადობა შეეჩერებინა.

შესაბამისად, გულგრილობის საკითხი შეიძლება იყოს, ისევე როგორც უფლებამოსილების გადამეტებისა [იმ შემთხვევაში], თუკი რაიმე კოორდინაცია იყო შსს-სა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის. ეს საკითხი თუ გამოვლინდება, ესეც შეიძლება იყოს გამოძიების საგანი”, — დასძენს ადვოკატი.

სამსახურებრივი გულგრილობა სსკ-ის 342-ე მუხლით რეგულირდება, უფლებამოსილების გადამეტება — სსკ-ის 333-ე მუხლით. ჯერჯერობით არცერთ საგამოძიებო უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია რომელიმე ამ მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ.

ალტ-ინფო მიემართება ლისის ტერიტორიისკენ ლგბტქ ატოვისტებზე თავდასახმელად. მათ უკან მიჰყვება პოლიცია. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

“შანსი დაბალია”

მარიკაშვილი ფიქრობს, რომ 8 ივლისის მოვლენების გამოძიების “შანსი დაბალია”, რასაც საქართველოს ხელისუფლების ჰომოფობიური პოლიტიკით ხსნის. მისი თქმით, შსს-მ “პრაქტიკულად მონაწილეობა” მიიღო პრაიდის ჩაშლაში.

“მათი დღის წესრიგია, ჰომოფობიას დააშენონ თავიანთი პარტიული ინტერესი და ამით ამომრჩეველზე მოახდინონ მანიპულაცია. ეს თემები აქვთ შემოტანილი მთლიანად პოლიტიკურ დღის წესრიგში.

[შსს-ს] შეეძლო, [ძალადობრივი ჯგუფები] არ მიეშვათ იმ ტერიტორიამდე, რადგან ყველამ იცოდა, რა მოხდებოდა… გამოძიება უნდა დაეწყოთ [ზურაბ] მახარაძის განცხადებებზე და მოწოდებებზე და მიეცათ პასუხისგებაში. მახარაძე დიდი ხანია, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული 2021  წლის 5 ივლისიდან გამომდინარე”, — დასძენს ადვოკატი.

რა მოხდა 8 ივლისს

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

მეორე დღეს, 9 ივლისს, ქვიარ აქტივისტებმა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩაშლილი ფესტივალიდან განადგურებული ნივთები რუსთაველზე მიიტანეს და პარლამენტის წინ დემონსტრაციულად დაყარეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ნათია ცქიფურიშვილი

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

როგორც ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს, როცა “თბილისი პრაიდი” მარშს გეგმავდა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც მოძალადეები მედიის ათეულობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს. ძალადობრივი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაშინაც “ალტ-ინფო” იყო.

წელს ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ შსს-სგან დახურული ღონისძიების დაცვის გარანტიები ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი