ახალი ამბები

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

19 ოქტომბერი, 2022 • 874
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

13 ოქტომბერს  ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ 9 პირს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე. ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, “გრინსერვის+”-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს. “გრინსერვის+”-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის “ნიუ მეტალ დიზაინის” წარმომადგენელსა და აღნიშნული კომპანიის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს, ასევე, “მშენექსპერტის” დირექტორს და ექსპერტს.

პროკურატურის ცნობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა:

“პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და “გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები.
აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტროძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.

“გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის “ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება “ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, “გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაზიანებული კაბელი. ფოტო: პროკურატურა

დაზიანებული კაბელი. ფოტო: პროკურატურა

უწყების ცნობით, 22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნებმა ცენტრალურ შადრევანთან შესაფუთი თუნუქის მასალა მიიტანეს და სამუშაოები დაიწყეს, რომლის მიმდინარეობისასაც დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამის გამო დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და წყალში გაიჟონა დენი.

ამის შემდეგ კი “გრინ სერვის+”-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ კი შესაბამისი ინსპექტირების გარეშე მიიღო აღნიშნული.

“თავის მხრივ, „გრინ სერვის +”-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო „გრინ სერვის +”-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას”, – აღნიშნავს პროკურატურა.

უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირები მოვალეობას ჯეროვნად შეასრულებდნენ, გამოვლინდებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან აიცილებდნენ მომხდარს:

“2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს”, – განმარტავს პროკურატურა.

დენის დარტყმით მიღებული დაზიანებების შედეგად, 13 ოქტომბერს, კლინიკაში გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს.

აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); “გრინსერვისი+“-ის დირექტორს – 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), “გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს – 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); “ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს – 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე.

2022 წლის აგვისტოში ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა.

“მშენ-ექსპერტის“ ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

აღნიშნულის შემდეგ, “მშენ – ექსპერტის” ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს “გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტის“ ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ.

25 აგვისტოს ,,მშენ-ექსპერტის“ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა წარადგინა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით.

აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება “გრინსერვისი+“-ის დირექტორს წარუდგინა 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); “გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს – 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), “მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს – 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება).

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება.

გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას”, – განმარტავს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი