ახალი ამბები

მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების უფლებები – ფონ კრამონი

9 ივლისი, 2023 • 1178
მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების უფლებები – ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები.

ასე ეხმიანება ის ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას.

„კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.

კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.


8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მათ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი