საზოგადოება

ჩაშლილი პრაიდის ქრონოლოგია, რომელიც პოლიციამ  მოძალადეებისგან არ/ვერ დაიცვა 

8 ივლისი, 2023 • 3404
ჩაშლილი პრაიდის ქრონოლოგია, რომელიც პოლიციამ  მოძალადეებისგან არ/ვერ დაიცვა 

პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

პრაიდის ფესტივალი 16.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის ისე ჩაიშალა, რომ მონაწილეების უმრავლესობამ  მისვლაც კი ვერ მოასწრო.

ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ლგბტქ+ აქტივისტებს თავს დაესხნენ, 12.00 საათზე  ორ ადგილას შეიკრიბნენ – თბილისში, ვაჟა ფშაველას ძეგლთან პრორუსული  “ალტ-ინფოს” ლიდერები და მხარდამჭერები და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე – მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი და სხვები.

ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პრაიდის ჩატარების შესაძლებლობას და მსვლელობით გაემართნენ “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიისკენ ნუცუბიძის პლატოს გავლით.   პრორუსული “ალტ-ინფოს”  აქციის  ორიათასამდე  მონაწილისთვის არავის შეუშლია ხელი მიეღწიათ იმ ადგილამდე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო. პოლიციელები აქციის მონაწილეებს უკან მიჰყვებოდნენ.

ალტი-ინფო მიემართება ლისის ტერიტორიისკენ ლგბტქ ატოვისტებზე თავდასახმელად. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ამ დროს ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე იყო მობილიზებული პოლიცია და სპეცრაზმი, რომლებიც აქტივისტებს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს აძლევდა. თუმცა სიტუაცია მაშინვე დაიძაბა, როცა მოძალადეების ჯგუფმა იქ მიაღწია და საპოლიციო კორდონის გარღვევა დაიწყო.  15.00 საათზე პოლიციამ ფესტივალის დახურულ ტერიტორიაზე მყოფ აქტივისტებს უთხრა, რომ მათი ევაკუაცია სწრაფად უნდა განეხორციელებინათ, რადგან კორდონი გაირღვა და მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.  თბილისი პრაიდის წევრები და ჟურნალისტების  ნაწილი [მათ შორის ნეტგაზეთის ჟურნალისტი] პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა.

ამის შემდეგ კი პრორუსულმა ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. დაწვეს ლგბტქ+, უკრაინის და ევროკავშირის დროშები, გაანადგურეს ინსტალაციები და ტექნიკა. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

პოლიციამ ფესტივალის ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. შსს ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ფესტივალი „გაშლილ ტერიტორიაზე“ იყო დაგეგმილი და ამიტომ შსს-მ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

„დილიდან შსს-ის შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, როგორიც არის: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავის მანდატი. თუმცა თქვენ კარგად ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, ჩვენ გზებზე შესაბამისი კორდონები გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ვინაიდან ეს იყო გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს თავდასხმები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

“თბილისი პრაიდმა”  თავდასხმაში და ღონისძიების ჩაშლაში “ალტ-ინფოს” გარდა პოლიციაც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი