ახალი ამბები

12 წლის ანას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

5 ივლისი, 2023 •
12 წლის ანას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე 21 მარტს დაინიშნა კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“, – აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა დღეს, 5 ივლისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადება, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე.


17 მარტს, დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგო იმავე უბანში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი