ჩეჩნეთში თავს დაესხნენ დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ელენა მილაშინასა და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს.
როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ნემოვი არის ზარიმა მუსაევას ადვოკატი. მუსაევა აქტივისტ აბუბაკარ იანგულბაევის დედაა. 2022 წლის იანვარში იანგულბაევმა („წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ იურისტმა) განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გაიტაცა მისი რამდენიმე ნათესავი. მალევე ჩეჩენმა ძალოვნებმა ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს დედამისი და მას სისხლის სამართლის ბრალი წარუდგინეს „თაღლითობისა“ და „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლებით.
ნემოვი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა, ხოლო მილაშინა – პროცესის გასაშუქებლად. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, აეროპორტიდან გროზნოში გამგზავრებისას რამდენიმე ნიღბიანმა სასტიკად სცემა ნემოვი და მილაშინა – მათ წაართვეს ტელეფონები, გაუტეხეს ტექნიკა და გაუნადგურეს დოკუმენტები.
მილაშინას დაუდგინდა დახურული თავის ტრავმა, მას აგრეთვე მოტეხილი აქვს ხელის თითები. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას „ბრილიანტის მწვანეც“ შეასხეს [ეს რუსეთში ხელისუფლების კრიტიკოსების თავდასხმის ჩვეული მეთოდია]. ჟურნალისტმა რამდენჯერმე დაკარგა გონება. ადვოკატს, ცემის გარდა, აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, თუმცა ის მაინც გეგმავს მონაწილეობას სასამართლო პროცესში.