ახალი ამბები

დეპუტატი მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკოსებზე ძალადობისკენ მოუწოდებს

28 ივნისი, 2023 • 1076
დეპუტატი მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკოსებზე ძალადობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე ხელისუფლების კრიტიკოსებისადმი ძალადობას ღიად ახალისებს. შესაბამისი პოსტი მან “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც “ფორმულას” დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს საჯარო სივრცეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იმ ადამიანებს, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში თავს დაესხნენ, დეპუტატი სამხარაძე “საქართველოს მტრებად” მოიხსენიებს.

“დაგმე ძალადობაო. ჩემი პასუხი: არასდროს არ დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! პირიქით, წავახალისებ და ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ!

ჩემი ოჯახის ამწიოკებელზე, ჩემი გუნდის წევრის გამლანძღველზე და შემგინებელზე ძალადობას არ დავგმობ! არც აქამდე არ დამიგმია და არც არასდროს არ ვაპირებ!” — წერს ის.

მისივე სიტყვებით:

“არცერთ ქართული ოცნების წევრს პირველად შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ოპონენტისთვის, მსგავსი ქმედების ერთი ფაქტიც კი არ არსებობს! მხოლოდ მაშინ ვრეაგირებთ და ათასჯერ მძლავრად და ხარისხიანად ვუბრუნებთ პასუხს, როცა ჩვენ გვიკეთებენ რაიმე ცუდს!”

უკანასკნელ 24 საათში ფიზიკურად გაუსწორდნენ “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.

მანამდე, სცემეს “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. თავდასხმაზე ისაუბრა მეცნიერმა ლევან ბერძენიშვილმაც.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა ამ პროცესს ისევ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები ახალისებენ.

კობახიძის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძესა თუ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ, ხელისუფლების ოპონენტებმა და სხვებმა “დააჯერეს”, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია.

მას არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც, როგორც თავად ამტკიცებს, ძალადობას აქტივიზმად წარმოაჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი