ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, სამხარაძის წინააღმდეგ საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

21 მარტი, 2023 • 4414
მოქალაქის თქმით, სამხარაძის წინააღმდეგ საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

მოქალაქე ნუგზარ სულაშვილი “ფეისბუკზე” ავრცელებს მიმოწერის ფოტოასლს, რომლის თანახმადაც მას მმართველი გუნდის წევრი,  დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. თავად დეპუტატი აღნიშნულს უარყოფს.

“დაგმარხავ მაგ ევროპაში”.

“მოგაკითხავს ჩემი ხალხი… ვიდეო თვალით უნდა ვუყურო შენს გაძუყვნას”, — ფოტომასალის მიხედვით, სწერს სამხარაძე სულაშვილს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

“ისეთ რამეს გაგიჩალიჩებ, შენივე ხელით მოგაკვლევინებ თავს”, — ვკითხულობთ კიდევ ერთ შეტყობინებაში.

მიმოწერის სქრინი, რომელიც ნუგზარ სულაშვილამ გაავრცელა

“მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით თუ ფიქრობს, თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ”, — წერს სულაშვილი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ჯემალ ჭკადუა “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ როცა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება, საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ამ შემთხვევაში, საუბარია პროკურატურაზე.

“არ არის აუცილებელი, მოქალაქემ პირადად მიმართოს [პროკურატურას]… ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და თუ ეს ქმედება და ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება”.

“რაც შეეხება უშუალოდ ამ ინფორმაციას, ის შეიძლება შეიცავდეს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, როგორიცაა მუქარა”, — დასძენს ჭკადუა.

მისი თქმით, პროკურატურამ ორივე მხარე უნდა გამოკითხოს და ამ პროცესში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, თუ აღიქვა ადრესატმა მუქარა რეალურად.

მოგვიანებით, სამხარაძე ხსენებულ ცნობას “ფეისბუკით” გამოეხმაურა და უარყო, რომ შეტყობინებები მას ეკუთვნის.

“მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი”, — დასძენს ის.

მისივე მტკიცებით, სიტყვები, “გაძუყვნა”, “მიწიდან ამოგთხრი” და სხვა ტერმინები მის ლექსიკონში “საერთოდ არ არის”.

განახლება[13:00] — ნუგზარ სულაშვილი წერს, რომ არ აპირებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და გამოძიება საფრანგეთში დაიწყება:

“ის, რაც გუშინ მოხდა, არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი იქნება, მანამდე სანამ ეს სისტემა არ განადგურდება. 12 წელია მსგავსი შინაარსის შანტაჟს და მუქარას ვისმენ. არაერთხელ გამივრცელეს უბინძურესი ჭორები. ამიმხედრეს ევროპაში მყოფი კრიმინალები.

მიზეზი მარტივია. მათ შესანიშნავად იციან, რომ წვდომა მაქვს უამრავ ინფორმაციაზე.

ამჯერად მე არ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პირადი უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება”, — წერს ის.


“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკული მოქალაქეების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა.

გასული წლის ივლისში მან “ქართული ოცნების” ოფისიდან აგინა აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს”, 19 მარტს კი “ფეისბუკზე” აგინა ყველას, ვინც “ბიძინა ივანიშვილს არ უფასებს საქართველოსთვის და ქართველებისთვის გაკეთებულ სიკეთეებს”.

კიდევ ერთ პოსტში, რომელიც 8 მარტს გამოაქვეყნა, სამხარაძე წერს:

“მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ მოგვმართოთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იგივე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მაშტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს!

…მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!!”

მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მისამართით „ფეისბუკზე“ დაწერილი სტატუსის გამო მოქალაქე ქეთა გაბიანს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გაბიანი დამნაშავედ ცნეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი