ნეტგაზეთის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ამერიკამ სავიზო სანქცია დაუწესა.
ნეტგაზეთმა სცადა ინფორმაცია თავად სამხარაძესთან გადაემოწმებინა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
როგორც ამერიკის საელჩომ ნეტგაზეთს განუცხადა, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გასცემენ.
სხვა პირების სანქცირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმა. „მთავარი არხის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაშია დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
ტვ „პირველის“ ცნობით კი, სავიზო სანქციები შეეხო სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. როგორც ტელეარხი აცხადებს, მას აშშ-ის ვიზა ჰქონდა და მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიღებული აქვს.
როგორც ტვ „პირველი“ აშშ-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, სანქცირებულია „რუსული კანონის“ კიდევ ერთი მხარდამჭერი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ვიზა არ აქვს, თუმცა მას ვერ მიიღებს.
24 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.
6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.
მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება, თუმცა, თუ ისინი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტენ, ამის შესახებ აღმოაჩენენ, როდესაც ვიზას მოითხოვენ, ხოლო ისინი, ვისაც უკვე აქვთ ვიზა, მიიღებენ შეტყობინებას მისი ანულირების შესახებ.








