საზოგადოება

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ჭავჭავაძეზე თავს დაესხნენ

20 ივნისი, 2023 • 2929
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ჭავჭავაძეზე თავს დაესხნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.

როგორც ბერძენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ერთი მოქალაქე მიუახლოვდა და დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

ბერძენიშვილის თქმით, თავდამსხმელს თან კვერცხი ჰქონდა, თუმცა შემთხვევის შედეგად თავად არ დაშავებულა:

„ერთი მოქალაქე იყო, დამინახა თუ არა,  ერეკლეს დაცვა და დედის გინება დამიწყო. მომზადებული იყო, ლექსიკის მიხედვით წაიდუდუნებდა. კვერცხი ჰქონდა ჯიბეში, თურმე ასე დადიან მოქალაქეები, ჯიბეში კვერცხით. მე არ დავშავებულვარ, ერთადერთი, ძალიან სერიოზულად იმუშავა, რომ გამოვეყვანე წყობიდან“, — აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, არ გეგმავს, მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აგრესია სწორედ სახელმწიფოს მიერაა მართული:

„არ მიმიმართავს პოლიციისთვის, იმიტომ, რომ პოლიციიდან და სახელმწიფოდან მოდის ეს ყველაფერი“, — ამბობს ბერძენიშვილი.

„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი