ახალი ამბები

წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, არასდროს გავატარებთ – წილოსანი

28 ივნისი, 2023 • 1070
წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, არასდროს გავატარებთ  – წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი კავშირს ვერ ხედავს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმებსა და მმართველი გუნდის განცხადებებს შორის.

საზოგადოებაში დაპირისპირების წახალისებაში წილოსანი ოპოზიციასა და კრიტიკულად განწყობილ მედიას ადანაშაულებს.

„სრულიად აბსურდული კავშირია ჩემს განცხადებასა თუ ნებისმიერი ჩემი კოლეგის განცხადებასა და ამ ფაქტს შორის. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს ამ დაპირისპირების, რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ მათი მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, მაქსიმალურად იყოს ტემპერატურა დაწეული.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი. ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა.

ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ ჩვენი მხრიდან წითელ ხაზებს და ვისურვებ, არც პოლიტიკოსებმა და არც ჟურნალისტებმა არ გადაკვეთონ ის წითელი ხაზები, რომელიც ვთქვით – ეს არის ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, რომელიც არ გაუვა არავის და არასდროს გავატარებთ ამ კომენტარს, ყოველთვის ექნება საკადრისი პასუხი პარლამენტში სიტყვიერად“, – განაცხადა წილოსანმა.


უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმები. უკანასკნელ 24 საათში ფიზიკურად გაუსწორდნენ “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.მანამდე სცემეს “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ფაჯარიძე. თავდასხმაზე ისაუბრა მეცნიერმა ლევან ბერძენიშვილმაც. ბერძენიშვილზე თავდასხმა კობახიძემ დაუკავშირა მეცნიერის მიერ საზოგადოებაში „შუღლის გაღვივებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი