ახალი ამბები

მთავრობამ დიღომში ყინულის მოედნის ასაშენებლად 50-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

27 ივნისი, 2023 • 1203
მთავრობამ დიღომში ყინულის მოედნის ასაშენებლად 50-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობა ყინულის მოედნის ასაშენებლად 50 მილიონის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 26 ივნისს გამოაცხადა წინადადებების მიღება კი 23 ივლისს დაიწყება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 50 000 000 ლარია და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ინფრასტრუქტურული ობიექტი დამკვეთს 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა ჩააბაროს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და შეათანხმოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოსთან (საჭიროების შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება და დამტკიცება). შემდგომ კი, ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს.

ტენდერის თანდართულ ფაილებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 16 122 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შემუშავებული პროექტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ყინულის სასახლე უნდა წარმოადგენდეს ერთიანი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურას;
  •  ყინულის სასახლე უნდა შედგებოდეს ორი დამოუკილდებელი სპორტული მოედნისგან: ერთი ძირითადი და ერთი სავარჯიშო მოედნით;
  • ორივე მოედნისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს, თვისებრივი მახასიათებლებიდან
    გამომდინარე, ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ერთიანი საინჟინრო, საკომუნიკაციო, მართვის და უსაფრთხოების სისტემა, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი;
  • საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს პარკინგის ოთხი სივრცე. პირველი  შესაბამისობაში იქნება სტანდარტებით გათვალისწინებულ ვიზიტორთა რაოდენობასთან (არანაკლებ 200 ერთეულზე), მეორე- ადმინისტრაციული; მესამე- VIP და მეოთხე- შესაბამისი ღონისძიების წარმომადგენლობა, გუნდები და კლუბები; პარკირების ოთხივე სეგმენტს უნდა გააჩნდეს დაშვების ავტონომიური სისტემები (ტურნიკეტები, შლაგმაუმები და ა.შ.);
  • პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გამწვანება, სარწყავი სისტემები,
    დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები;

განცხადება ყინულის მოედნის აშენების შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2022 წლის სექტემბერში გააკეთა. წულუკიანის თქმით, მოედანი გამოყენებული იქნება როგორც ყინულის ჰოკეის, ასევე ციგურაობისთვის. შესაბამისად, წულუკიანი აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურას ორივე ფედერაცია გამოიყენებს. ამასთან, წულუკიანი აცხადებდა, რომ მოედანი 15 000 მაყურებელზე იქნებოდა გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი