საზოგადოება

მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა

16 იანვარი, 2024 • 934
მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა

თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა.

დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტა არ იმოქმედებს სამუშაოების დასრულების ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, მიმდინარე თვის ბოლომდე.

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს, არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ  17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც 15 იანვრით თარიღდება, ნათქვამია, რომ სამუშაოების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

წერილში მერია აცხადებს, რომ ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და დაფიქსირებული იქნა ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც.

კერძოდ, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არწარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ.

„დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86)“, — ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც მერია შესყიდვის საჭიროებას ადასტურებს.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები ობიექტზე, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით:

„გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას.

გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების ზომები ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვის, ამასთან, არ გახდეს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსები მექანიკური დაზიანებებით მიღებული დეფექტების გამოსწორებაზე“, — აცხადებენ მერიაში.

გამარტივებული შესყიდვის განაცხადს თან ახლავს თბილისის მერის კახა კალაძის ბრძანება და იმ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეწყვეტის წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებთანაც მერიამ კონტრაქტი გაწყვიტა, მერიის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთმევათ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი