ნიკა მუსავი
აზერბაიჯანის ხელისუფლება სულ უფრო მეტ სისასტიკეს იჩენს მოქალაქეების ნებისმიერი პროტესტის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები უშუალოდ ალიევის რეჟიმის წინააღმდეგ არ გამოდიან. ამის ნათელი მაგალითია უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანში მომხდარი მოვლენებია, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთა.
20 ივნისს აზერბაიჯანის დასავლეთით, სოფელ სიუდლუში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციის ჩატარება სცადეს იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე მეორე ხელოვნური ტბა გაშენდა ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო ოქროსმომპოვებელი საბადოს ნარჩენებისთვის. მოსახლეობა და ეკოლოგები ირწმუნებიან, რომ მავნე ნივთიერებების გავრცელება გარშემო ტერიტორიებზეც არ კონტროლდება.
აქციის ჩატარების მცდელობა მისი მონაწილეების დარბევაში გადაიზარდა – დარბევა აზერბაიჯანის დღევანდელი სტანდარტებისთვისაც კი სასტიკი იყო.
ინტერნეტის ქსელმა მოიცვა ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ძალოვნები, რომლებიც ისე იყვნენ ეკიპირებული, თითქოს ტერორისტების ასაყვანი ამოცანა ჰქონდათ – უარაღო გლეხებს, მათ შორის ხანდაზმულ ქალებს, ე.წ. დუბინკებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ. შემდეგ კი დაიწყო მასობრივი დაკავებები და დაპატიმრებები. სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული და გაურკვეველია.
მომხდარმა აზერბაიჯანის საზოგადოება აღაშფოთა და ამავე დროს, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.
მღელვარება სოფელ სოუდლუში ორი დღე გაგრძელდა. ადგილზე გედაბეგის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ვიზიტმა, რომლმაც განაცხდა, რომ “ის, ვინც პოლიციას მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებს, სამშობლოს მოღალატეა”, ცეცხლზე ნავთი დაასხა.
საქმეში ოფიციალური ბაქო ჩაერია. საბოლოოდ, სოფლის შესასვლელში პოლიციის კორდონი გაამყარეს და მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიაც შექმნეს.
შსს-ს პრესმდივანმა ძალოვნების ქმედებების კომენტირებისას თქვა, რომ ეს “ემოციებით გამოწვეული შეცდომა იყო, თუმცა სოფლის მცხოვრებლები თავად არიან დამნაშავე, რადგან უკანონოდ ჩაერივნენ ტბის მშენებლობის საქმეში”.
ზოგიერთი სახელისუფლებო მედიის ვერსიით, პოლიციის მიერ დარბევა პროვოკაცია იყო – პროვოკაციის უკან კი ხან დასავლეთი, ხან რუსეთი და ხან “მეხუთე კოლონა” დგას.
ორი აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომლებიც ფეისბუკზე ყველაზე მწვავე შეფასებებით გამოირჩეოდნენ ამ საკითხის შეფასებისას, რამდენიმე საათში დააკავეს. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდული მოძრაობა NİDA-ს წევრი ელმირ აბბასოვი, რომელსაც 20 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, და აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი გიას იბრაჰიმოვი, რომელიც 32 დღე -ღამით დააპატიმრეს.
ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ დაკავებები და მათზე ზეწოლა კვლავ გრძელდება. მათ შორის საუბარია ადგილობრივი ტიპოგრაფიის ხელმძღვნელის შვილზე, რომელიც იმის გამო დააკავეს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტიპოგრაფიაში დაბეჭდეს პლაკატები.
როგორ დასრულდება ეს ამბავი, ჯერ უცნობია, თუმცა ამ შემთხვევამ სოციალურ ქსელებშიკვლავ გაააქტიურა დისკუსია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხებზე.
“ყოველ ჯერზე, როდესაც მეტ-ნაკლებად მასშტაბური პროტესტია, ყველა ჩვენგანმა ზეპირად იცის, თუ როგორ განვითარდება სცენარი. ყოველ ჯერზე ხელისუფლება ხალხს ძალადობით პასუხობს, პროსახელისუფლებო მედია კი ურცხვად იტყუება. სიცრუით კვებავენ ხალხს და სამშობლოს მოღალატის იარლიყს აწებებენ”, – წერს ფეისბუკზე აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და, შესაბამისად, სახელისუფლებო კრიტიკისთვის ვერ დააკავებენ.
თუმცა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით, მაინც ცხადად ჩანს უძლურება და გაბრაზება, რომელიც უიმედობაში გადადის.
უძლურების და გაბრაზების განცდა მოჰყვა ქვეყანაში საკარანატინო რეჟიმის გაგრძელების გადაწყვეტილებასაც. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია და ყველა საკარანტინო ზომა გააუქმა, აზერბაიჯანმა, კორონავირუსის გავრცელების რისკის მოტივით, 2023 წლის ოქტომბრამდე ჩაკეტილი დატოვა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები. ამ ცნობამ აზერბაიჯანის მოქალაქეები საბოლოოდ დაარწმუნა საკუთარ უძლურებაში.
კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის
საზოგადოებას უკეთესი მომავლის აღარ სწამს. ამას მოწმობს სასოწარკვეთილი გამოხმაურებები სოციალურ ქსელებშიც.
ამავე დროს, მოქალაქეები აღფრთოვანებას არ მალავენ სოფელ სიუდლუს ქალების მამაცობის მიმართ, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულ ძალოვანებს დაუპირისპირდნენ.
ჟურნალისტი სამირა აჰმედბეილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აქცია სოუდლუში პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა და ამის მიუხედავად, მაინც დაარბიეს ის.
“ეს ადამიანები არ ცდილობდნენ ხელისუფლების გადაყენებას, არ გამოდიოდნენ მისი პოლიტიკის წინააღმდეგ. მხოლოდ ის უნდათ, არ უნდათ ისუნთქონ მოწამლული ჰაერი და მათმა პირუტყვმა მოწამლული წყალი არ დალიოს. ახლა დავფიქრდეთ: თუ ეს ასე სასტიკად და შეუბრალებად ისჯება, რა პოლიტიკურ აქტიურობაზე უნდა ვისაუბროთ ამ ქვეყანაში?”
სამირა აჰმედბეილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერსპექტივაში აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით კარგი არაფერი ელის, რასაც საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციების გამყარებას უკავშირებს.
“დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის არის მზარდი მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე და აზერბაიჯანის მიერ უკრაინის დახმარება. რაც მეტად წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს რეჟიმი, მით უფრო მეტად ხელ-ფეხგახსნილია ის ქვეყნის შიგნით. ასეთ სიტუაციაში არავინ დაიწყებს აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევას, რაც არ უნდა მოხდეს”.
ისტორიკოსი ალტაი გეუშევი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მომავალზე საუბრისას.
“რა თქმა უნდა, დიქტატურა აღზევებულია აქ. დიქტატორმა გაიმარჯვა ყარაბაღის მეორე ომში, მას მხარს უჭერს დასავლეთი, მასთან არ სურს ურთიერთობების გაფუჭება პუტინს. ნებისმიერი სხვა საზოგადოება ასეთ მდგომარეობაში ხელს ჩაიქნევდა და გადაკეთდებოდა თურქმენეთად ან ჩრდილოეთ კორეად, მაგრამ აზერბაიჯანში მაინც არსებობს რაღაც წინააღმდეგობა. არავინ ვიცით, რა იქნება. თუმცა ის, რასაც აკეთებს ზოგიერთი ადამიანი ახლა და დიქტატორს დისკომფორტს უქმნის, უკვე კარგია”.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ აზერბაიჯანში, მაგალითად, ბელარუსზე ნაკლები დიქტატურა არაა.
“მხოლოდ ის არის განსხვავება, რომ დასავლეთს არ უყვარს ლუკაშენკო, ჩვენს პრეზიდენტს კი მოკავშირედ მოიაზრებენ”.
ამის დამადასტურებლად ბევრი 23 ივნისს ინციდენტსაც ასახელებს, როდესაც ბაქოში აშშ-ის საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიება გამართა. მოწვეულ სტუმართა შორის სამი გენდერის აქტივისტიც იყო, რომლებმაც პრობლემისადმი სტუმრების ყურადღების მიქცევა სცადეს.
თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი საელჩოს ტერიტორიიდან გააძევა და შენობასთან უკვე მომლოდინე პოლიციას გადასცა. მათთან ერთად გააძევეს ჟურნალისტიც, რომელიც ინციდენტს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
“ჩვენ არ გამოვსულვართ საელჩოს ან თავად ღონისძიების წინააღმდეგ. მხოლოდ და მხოლოდ ამ ღონისძიების გამოყენება გვინდოდა და დამსწრე საზოგადოების, მთავრობის წევრებისთვის და დადუმებული ოპოზიციისთვის შეხსნება, რომ არ შეიძლება, ღვინოს წრუპავდე და ერთობოდე იმ დროს, როდესაც სოფელ სიუდლუს მოსახლეობა მოწამლულ წყალს სვამს”, – ამბობს ერთ-ერთი აქტვისტი სანუბარ ჰეიდაროვა.