ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის

31 მაისი, 2023 • 3207
კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის

ავტორი: ნიკა მუსავი

2023 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია  ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა. თუმცა აზერბაიჯანში “განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი” კიდევ გრძელდება. სწორედ საკარანტინო რეჟიმის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს არ ხსნის, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

სიტუაციის აბსურდულობას ემატება ის ფაქტი, რომ საზღვრები არც ისე მკაცრად არის დაკეტილი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს – უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ საზღვრების გავლით თავისუფლად დატოვონ აზერბაიჯანი.

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე თეთრით შავზე წერია ამის შესახებ, აზერბაიჯანის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არ იცის. მათთვის კი, ვინც ინფორმირებულია, საკუთარი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ორმაგად საწყენი და შემაშფოთებელია.

სიტუაცია კი ასეთია:

  • აზერბაიჯანში სახმელეთო საზღვრებით შესვლა ყველასთვის აკრძალულია;
  • აზერბაიჯანიდან გამოსვლა სახმელეთო საზღვრებით მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი;

იური უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ტურისტულ კომპანიას ხელმძღვანელობს. მისი ტურისტული კომპანია სამხრეთ კავკასიის ტურებს უწევს ორგანიზებას.

კომპანიის კლიენტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ბაქოში თვითმფრინავით მიემგზავრებიან, შემდეგ კი იქიდან სახმელეთო საზღვრით აგრძელებენ ტურისტულ მარშრუტს საქართველოსა და სომხეთში.

“პანდემიის დროს ტურისტული ბიზნესი, ბუნებრივია, შეჩერდა, თუმცა დაახლოებით 2022 წლის მაის-ივნისში ბაქოში გვითხრეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გამოატარებდნენ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე და, შესაბამისად, ჩვენც შეგვეძლო ტურების განახლება”, – ამბობს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

თავიდან კომპანიის თანამშრომლებმა სცადეს ეს ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტურქუტურებისგანაც დაედასტურებინათ, თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, მკაფიო პასუხი ვერ მიიღეს. საბოლოოდ კი, საზღვარზე გადასამოწმებლად თავად წავიდნენ.

“მას შემდეგ რეგულარულად ჩამოგყვავს ტურისტები ჩვეული მარშრუტით. მე თავადაც ახლახან წამოვედი აზერბაიჯანის სახმელეთო გზით. იქ ბევრი სატვირთო მანქანა იდგა, თუმცა მსუბუქი მანქანები თითქმის არ ყოფილა. მესაზღვრეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 15-20 ადამიანი გადმოდის აზერბიჯანიდან, რაც ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც პანდემიამდე იყო”.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მიხედვით,  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სიტუაციაა აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან – ღიაა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც აზერბაიჯანს ტოვებს.

სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა აზერბაიჯანელებს, და არამხოლოდ, ყველაზე მეტად მაინც საქართველოს მიმართულებით აწუხებთ.

ეს მარშრუტი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ბევრი სოციალური ჯგუფისთვის: ბიუჯეტური ტურისტებისთვის, იმ აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, ვინც თბილისის უმაღლეს სასაწვლებლებში სწავლობენ. ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც მანქანის ნაწილებზე და ავტორემონტის მიზნით გადაადგილდებოდნენ.

თუმცა ყველაზე მძაფრად პრობლემა შეეხოთ სასაზღვრო რაიონების მოსახლეობას – როგორც აზერბაიჯანელებს, ასევე აზერბაიჯანული პასპორტების მფლობელ ეთნიკურ ქართველებს. მათთვის ეს შეზღუდვა ნიშნავს, რომ ვერ მოინახულონ ახლობლები, რომლებიც საზღვარს მიღმა ცხოვრობენ – თუნდაც რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო გზით გადაადგილება აქამდე მატარებლით, ავტობუსით და საკუთარი ავტომობილით იყო შესაძლებელი. ახლა ერთადერთი არჩევანი თვითმფრინავია, რომლის ბილეთიც ბარგის გარეშე დაახლოებით 100 ევრომდე ღირს.

პრობლემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კრიტიკის დროს ზურაბიშვილმა თქვა, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება ამდენად შეშფოთებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების კომფორტული გადაადგილებით, აზერბაიჯანელ ქართველებზეც უნდა ფიქრობდეს.

“იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტის საყვედურის ადრესატი მმართველი პარტია“ქართული ოცნება” იყო, დიდი სურვილის შემთხვევაშიც, საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს შეცვლის.

ამის გაკეთება მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობას შეუძლია, რომელიც შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომენტარსაც კი არ აკეთებს.

შესაბამისად, ეს “გაუგებრობა” ხალხში ყველა შესაძლო კონსპირაციულ თეორიას აჩენს. ამ თეორიათა სიას კი, გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალ-ახალი თეორიები ემატება.

ამჟამად შესაძლო პასუხები კითხვაზე, თუ რეალურად რატომ არის დახურული აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები, შემდეგია:

  • რაც შეიძლება დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს ავიაკომპანია «Azal» -მა [აზერბაიჯანული ავიახაზები] ძვირადღირებული ბილეთების გაყიდვით;
  • სომხეთიდან ან სხვა ქვეყნიდან შესაძლო ტერორისტული აქტების მინიმალიზება;
  • აზერბაიჯანს არ მოაწყდეს რუსი ტურისტების დიდი ნაკადი;
  • ასე უფრო მარტივია ქვეყანაში შემომსვლელთა და გამსვლელთა კონტროლი;
  • ირანთან ომის ალბათობის გამო  [ეს ვერსია თავად პარლამენტის დეპუტატმა გაახმიანა რამდენიმე დღის წინ].

შესაძლო პასუხების ძიებაში აზერბაიჯანელები უფრო ხშირად სვამენ კითხვას “ბოლოს და ბოლოს, როდის გახსნიან საზღვრებს და გახსნიან თუ არა ოდესმე?” ეს კითხვა უკვე რიტორიკული გახდა.

ამჟამად “განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი” 2023 წლის პირველ ივლისამდეა გაგრძელებული. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ფორმალური საბაბიც აღარ რჩება მის გასაგრძელებლად, მოქალაქეებს უკვე აღარ აქვთ “საზღვრების გახსნის” იმედი, რომელიც უკვე მერამდენედ გაუცრუვდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი