სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ შეწყდა, ირწმუნებიან რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ].
„შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ მისმა მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც უშუალოდ იყო მიმართული დანაშაულის ჩადენაზე“, – ციტირებს უწყების განცხადებას „რია ნოვოსტი“.
სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, უკრაინიდან გამოვიდა და მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. მათი თქმით, მიზანი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯა იყო. „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მსვლელობას „სამართლიანობის მარში“ უწოდა. მარში კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.
პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.
პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ: