ევგენი პრიგოჟინი, მისი „ვაგნერის“ ჯგუფის თითქმის ერთდღიანი „ამბოხის“ შემდეგ, ბელარუსში გაემგზავრება, განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. თავად პრიგოჟინს ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრია.
ამგვარად, პუტინის დაპირების მიუხედავად, როგორც ჩანს, „ამბოხის“ ორგანიზატორები არ „დაისჯებიან“ და არც „პასუხს აგებენ“. პესკოვის თქმით, იმას, რომ პრიგოჟინი ბელარუსში ჩასვლას მოახერხებს, პუტინი გარანტირებს.
არსებული ცნობებით, სწორედ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინი დათანხმდა „სამართლიანობის მარშის“ [კრემლის შეფასებით, ეს მარში სამხედრო ამბოხის მცდელობაა] შეწყვეტას და მიზეზად შესაძლო სისხლისზღვრის თავიდან აცილების სურვილი დაასახელა.
პრიგოჟინის გარდა, ხელისუფლება, პესკოვის თქმით, არ დასჯის „ვაგნერელებს“, ვინც ამბოხში მიიღო მონაწილეობა; ხოლო ის „ვაგნერელები“, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას და სამხედრო სამსახურის გაგრძელების უფლებასაც შეინარჩუნებენ.
პესკოვი აგრეთვე ირწმუნება, რომ „ამბოხი“ არ მოახდენს გავლენას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე [თავდაცვის სამინისტრო გუშინ საპირისპიროს ამტკიცებდა].
რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინმა უკვე დატოვა როსტოვი. გავრცელებულ კადრებში მოქალაქეები მას ტაშს უკრავდნენ. ზოგმა ხელის ჩამოსართმევად პრიგოჟინის ავტომობილთანაც მიირბინა.