აშშ-ის ჰელსინკის კომისია ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობას უხდის გამბედაობისთვის:
“დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც უსამართლოდ იყო დაპატიმრებული საქართველოს მთავრობის მიერ. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.
Today, President @Zourabichvili_S pardoned @NikaGvaramia212, who has been hounded and unjustly imprisoned by #Georgia‘s government. Thank you, Madame President, for yet another example of courage and leadership. https://t.co/M6oIKVo324 pic.twitter.com/fwL1O8U3nO
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 22, 2023
გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.
მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.