ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „რუსულ კანონზე“

6 აპრილი, 2024 • 910
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „რუსულ კანონზე“

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უარი თქვას ხელახლა დაინიცირებულ „რუსულ კანონზე“.

როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის.

„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და  ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით შთაგონებულია და მისი ასლია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება.

შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიციირა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო ყველა მედიასაშუალება და ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა კრემლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი