ახალი ამბები

GDI: ცილისწამების მოტივით დაწყებული დავები მედიის შეზღუდვის იარაღად იქცა

9 ივნისი, 2023 • 1083
GDI: ცილისწამების მოტივით დაწყებული დავები მედიის შეზღუდვის იარაღად იქცა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თანახმად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების, „ქართული ოცნების” წევრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავები ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ იარაღად იქცა.

GDI-მ მოამზადა სპეციალური ანგარიში საქართველოში SLAPP საქმეების შესახებ (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოების ჩართულობის საწინააღმდეგოდ). SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ ცილისწამების მოტივით აღძრული სარჩელები, რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.  SLAPP-ებს ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა აქვთ „მსუსხავი ეფექტიც“ საჯარო ინტერესის საკითხებზე მომუშავე ადამიანების გასაჩუმებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვირვებით, 2021-2023 წლებში საქართველოში დაიწყო და მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია. სასამართლოში ცილისწამებასთან დაკავშირებით სარჩელების გაზრდილი მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2021 წელს დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია მზარდი იყო 2022-23 წლებშიც და კრიტიკულად განწყობილი მედიების და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობამ 38-ს მიაღწია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. ცილისწამების საფუძვლით სარჩელებიდან 36 შეტანილია მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ხოლო ორი — სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ.

GDI-ს ინფორმაციით, რომელიც მიმდინარე საქმეზე მედიებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას თავად უწევს, დავების უმეტესობა გამოირჩევა მსგავსი მახასიათებლებით, რაც მათ კამპანიურობაზე მიუთითებს. კერძოდ:

    • დავების დაახლოებით 31,5% ინიცირებულია ქალაქის მერების მიერ; 13% — დეპუტატების მიერ; 13% — მინისტრების/სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მიერ; 8% — პოლიციელების მიერ; 26% — „ქართულ ოცნებასთან“ სავარაუდოდ დაახლოებული პირების/ინსტიტუტების მიერ.
    • დავების ინიციატორების 56% ითხოვს, მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება დიდი ოდენობით, რათა ფინანსური დაბრკოლებები შეუქმნან მათ.
    • სარჩელთა 92%-ის ადრესატები სამი კრიტიკული მედია (“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” , ”ფორმულა”) და მათი ჟურნალისტები არიან.

SLAPP დავების ინიციატორები და მოპასუხეები

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ცილისწამების საფუძვლით დაწყებული სასამართლო დავის ინიციატორები, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები არიან. მაგალითად, „TV პირველის“ წინააღმდეგ ცილისწამების საფუძვლით სარჩელი შეტანილი ჰქონდა ირაკლი კობახიძის დედას თამარ ზაალიშვილს და სიძე დავით ფაცაციას, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.

„ვხვდებით ოლიგარქთან დაკავშირებული ინსტიტუტების მიერ შეტანილ სარჩელებსაც. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული „ბანკი ქართუ” თბილისის საქალაქო სასამართლოში „TV პირველის“ და მისი ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ დავობს“, — ნათქვამია ანგარიშში.

GDI-ს წარმოებაში არსებული საქმეებისა და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, საზოგადოებრივი კონტროლის კუთხით აქტიური სუბიექტების წინააღმდეგ ცილისწამების საფუძვლით სასამართლოში შეტანილი სარჩელების ინიციატორები არიან:

  • თბილისის მერი კახა კალაძე და 11 თვითმმართველი ერთეულის (წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და მარნეულის) მერები;
  • 5 დეპუტატი ან მასთან შესაძლო კავშირში მყოფი პირი:
  1. თემურ გოცირიძე, IX მოწვევის პარლამენტის “ქართული ოცნების” დეპუტატი;
  2. ივლიანე წულაია, IX მოწვევის პარლამენტის “ქართული ოცნების” დეპუტატი;
  3. ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების” დეპუტატი;
  4. ისკო დასენი, „ქართული ოცნების” დეპუტატი;
  5. შპს “ბევრილი ჯგუფი” (სავარაუდო კავშირი “ქართული ოცნების” დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანთან).
  • 5 მინისტრი/უწყების ხელმძღვანელი:
  1. გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;
  2. ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი;
  3. დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი;
  4. ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
  5. ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • 3 პოლიციელი:
  1. გენრი ღვინჯილია, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  2. გელა კვაშილავა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური;
  3. იოსებ ალავიძე, თბილისის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი;
  • ხელისუფლებასთან და „ქართულ ოცნებასთან“ სავარაუდოდ დაახლოებული 5 პირი:
  1. თამარ ზაალიშვილი, ირაკლი კობახიძის დედა;
  2. უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი;
  3. გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი”), „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი
  4. რომან ჩხენკელი, ირაკლი ღარიბაშვილთან სავარაუდოდ დაკავშირებული
    პირი და გავლენიანი ბიზნესმენი;
  5. ბაკურ კიღურაძე, „ქართული ოცნების” შემომწირველი.
  • ბანკი „ქართუ”, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბანკი.

„საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი ტენდენცია მოწმობს, რომ გავლენიანი პირები სასამართლოს მიმართავენ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებით. როგორც მოსარჩელეების, ისე მოწინააღმდეგე მხარის ვინაობა აჩენს საფუძვლიან ეჭვებს სარჩელების რეალურ მიზნებთან და მათი SLAPP დავებად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია ანგარიშში.

SLAPP დავების გაზრდილი რაოდენობის ტენდენცია, GDI-ის შეფასებით, კიდევ უფრო საგანგაშოა საერთო სასამართლოების მიდგომის გათვალისწინებით — მოსამართლეები ფაქტობრივად მსჯელობენ და უგულებელყოფენ იმ საფრთხეებს, რომელიც თან ახლავს მსგავს დავებს სამოქალაქო ჩართულობისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ:

  • საერთო სასამართლოების მოსამართლეები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიერ შეტანილი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ;
  • საერთო სასამართლოები უგულებელყოფენ საკანონმდებლო დანაწესს მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და მას მოპასუხეებს აკისრებენ;
  • სასამართლოები სარჩელის აშკარად უსაფუძვლობის შეფასებისას საკითხს ფორმალურად უდგებიან და არ იკვლევენ იმას, თუ რეალურად რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა მოსარჩელეს ცილისწამების საფუძვლით დაწყებული სარჩელით;
  • სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას არ იცავენ ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის;
  • სასამართლო დავის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაზე სათანადოდ არ მსჯელობს;
  • SLAPP დავების მიმდინარეობისას საერთო სასამართლოები ზოგიერთ შემთხვევაში არ აძლევენ მონაწილე მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს მტკიცებულებების წარმოსადგენად, რაც შესაძლოა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენდეს;
  • სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ სადავო განცხადებების გამოქვეყნებამდე ჟურნალისტების მიერ მიღებულ ზომებს და, ხშირ შემთხვევაში, ირიბად ავალდებულებენ მათ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყარო;
  • სასამართლოები არ ათავისუფლებენ მოპასუხეებს პასუხისმგებლობიდან კანონის მოთხოვნის მიუხედავად (კვალიფიციური პრივილეგია) და არ მსჯელობენ იმაზე, თუ რა წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში სადავო განცხადებებს;
  • მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა, რომლის თანახმადაც ცილისწამების დავებზე სათანადო მოპასუხედ ითვლება მედიის მესაკუთრე, მოსამართლეები ჟურნალისტებსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას და ამდენად, არ მსჯელობენ არასათანადო მოპასუხის საკითხზე;
  • სასამართლოები მოპასუხეებს დიდი ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრებენ.

ანგარიში მომზადებულია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. მისი სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამ თემაზე:

რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი