ახალი ამბები

რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

2 სექტემბერი, 2022 • 1053
რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

თბილისის მერი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, რომლის თანახმადაც, „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“.

კალაძის ადვოკატის თანახმად, თბილისის მერის მოთხოვნაა „ამ ყალბი და სიმართლესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ათასი ლარის ოდენობით“.

მამულაშვილის სადავო განცხადება, სავარაუდოდ, ეხება მუნიციპალური ავრობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს. ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით მერიისადმი/კალაძისადმი კითხვები თუ პირდაპირი ბრალდებები „ტვ პირველის“ ჟურნალისტამდე სხვა ადამიანების მხრიდან გაისმა.

როდის და რა თქვა მამულაშვილმა

საუბარია 2022 წლის 5 ივნისის გადაცემაზე. გადაცემის სტუმარმა გიორგი მამაცაშვილმა გიგი უგულავას „ბიუჯეტის ვირთხა“ უწოდა და თქვა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს არამარტო „ქართული ოცნების“ პრობლემებზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაზეც“.

ამ დისკუსიის დროს, მაია მამულაშვილმა თქვა: „კახი კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო….მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო კახი კალაძემ, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ. 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ“.

კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ხსენებული ეთერიდან 3 კვირაში, 20 ივნისს შევიდა, თავად მამულაშვილს კი კანონით დადგენილ ვადებში, 24 აგვისტოს გაუგზავნეს ის.

მაია მამულაშვილი 

რომელ ტენდერზეა საუბარი და რატომ გაჩნდა კითხვები

5 ივნისის ეთერში მაია მამულაშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელ ტენდერს გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულამ“ რეპორტაჟი 2021 წლის 18 მაისს გაუშვა ეთერში. ის ამბობდა, რომ თბილისის მერიამ თურქულ კომპანია BMC-ის 226 ავტობუსში 55 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, თითო ავტობუსი 250 ათასი ევრო დაჯდა მაშინ, როცა სხვა ქალაქებმა იგივე ავტობუსი გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდეს.

ირაკლი აბესაძე 

„ფორმულა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მერიის შესყიდვებში, სავარაუდოდ, კორუფციის ნიშნები იკვეთებოდა. ფასებს შორის განსხვავებებზე ტელეარხს საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ესაუბრა, რომელმაც სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს „ფეისბუკზე“ დაწერა:

„თბილისის მერიამ ტენდერით შეისყიდა 126 ცალი ავტობუსი, ფასით: 250 100€ ერთი ცალი და უტენდეროდ 100 ცალი ავტობუსი, ფასით: 248 300€ ერთი ცალი.

იგივე ავტობუსი შეიძინეს: ანკარა (თურქეთი) – 170 000€;

კოჩაელი (თურქეთი) – 180 000€ ;

ნოვი სადი (სერბეთი) – 180 000€ ;

პენევეჟისი (ლიეტუვა) – 188 000€ ;

ფასი BMC-ის ოფიციალურ საიტზე ტენდერისას — 204 000€.

ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ გადაიხადა თბილისმა ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი იგივე ავტობუსებში, რომელიც EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით შეიძინა”.

როგორც აბესაძე „ფორმულას“ ეუბნებოდა, „ამხელა განსხვავება 226 ავტობუსის შეძენისას ნიშნავს ძალიან მსხვილ კორუფციულ ფაქტს, თუკი ამის ლოგიკურ დოკუმენტურ ახსნას თბილისის მერია საზოგადოებას დეტალურად არ მიაწვდის“.

რას ამბობდნენ მერიაში

თბილისის მერიაში ავტობუსებში გადახდილი თანხის რაოდენობაში პრობლემას ვერ ხედავდნენ.

„ეს არის გამოგონილი სიცრუე, ტყუილი, რაზეც თქვენ აპელირებთ“, — უთხრა კალაძემ ჟურნალისტს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა, „რატომ მოხდა ისე, რომ სხვა ქვეყნემა ნაკლები თანხა გადაიხადეს ზუსტად იგივე ავტობუსებში“.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მაშინ „ფორმულას“ განუცხადა, რომ ავტობუსები შეძენილი იყო ტენდერით, რომელში მონაწილეობაც შეეძლო ყველას, ისევე, როგორც ნებისმიერი ფასის დაფიქსირება.

„… ვინც შემოგვთავაზა საუკეთესო პირობები ყველაზე დაბალ ფასად, მისგან ვიყიდეთ… მისაღები პირობები რომ არ ყოფილიყო, როგორ ვიყიდდით. რახან ვიყიდეთ, ხელშეკრულება გავაფორმეთ და ქალაქში ეს ავტობუსები დადის, ე.ი მისაღებია“, — აღნიშნავდა ის.

ირაკლი ბენდელიანი

მოგვიანებით ბენდელიანმა თქვა, რომ ხსენებული ტენდერი „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის“(EBRD) შესყიდვის წესებით გამოცხადდა, თითოეულ გადაწყვეტილებაში EBRD-ის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი და მათივე ჩართულობით გამოავლინეს გამარჯვებულიც.

ის ასევე დასძენდა, რომ ნებისმიერი საქონლის შესყიდვის დროს, მით უმეტეს, როდესაც ამ საქონლის აწყობა ხდება სხვა ქვეყანაში, ფასის განსაზღვრისას მოქმედებს ბევრი კომპონენტი.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იმავე პროდუქტის მიწოდება უნდა ღირდეს ერთი და იგივე ფასი. აქ მოქმედებს, პირველ რიგში, ტრანსპორტირების ხარჯები, თვითონ ავტობუსის პარამეტრები და სპეციფიკაციები.

შეიძლება ერთი და იმავე მოდელის ავტობუსი ღირდეს სხვადასხვა ფასი მისი აღჭურვილობიდან გამომდინარე. მხოლოდ ფასების შედარება არასწორია“, — ამბობდა ის.

„მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ“

მაია მამულაშვილამდე კახა კალაძე მინიმუმ ერთმა საჯარო ფიგურამ დაადანაშაულა ხსენებული ტენდერიდან თანხის მითვისებაში. 2021 წლის 7 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ მერს უთხრა:

„წინა მერობის პერიოდში თქვენ იყიდეთ სესხით 200-ზე მეტი ავტობუსი და მოიპარეთ 60 მილიონი ლარი. თქვენ ბრძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, ბიუჯეტის პროექტშიც არის ჩადებული და მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ“.

მაშინ ნადირაძემ სხვა ბრალდებებიც გაახმიანა კალაძის მისამართით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ „ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ“.

საბოლოოდ, როცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა გაახმიანა მსგავსი რეპლიკა კალაძისადმი, თბილისის მერმა გადაწყვიტა, სწორედ მისთვის ეჩივლა.

ნეტგაზეთმა სცადა, კალაძის ადვოკატთან დაეზუსტებინა, ეხებოდა თუ არა საქმე ავტობუსების ტენდერს. დიმიტრი გაბუნიამ გვითხრა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და „მაია მამულაშვილს არსად დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ავტობუსების ტენდერი იყო თუ არა“:

„ერთ-ერთი ტენდერი ახსენა და ამიტომ ველოდებით წერილობით პასუხს, თუ რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით [ამბობს ამას], რომელ ტენდერთან დაკავშირებით და საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია…“

დიმიტრი გაბუნია 

„ტვ პირველში“ კალაძის ამ ნაბიჯს ტელევიზიის დისკრედიტაციის მცდელობას მიაწერენ. ტელეარხის იურისტი ქეთი ზანდუკელი ამბობს, რომ მამულაშვილმა გაიმეორა ის, რაზეც მანამდე არაერთმა ისაუბრა.

„მაია მამულაშვილის მიერ არ მომხდარა ამ კონკრეტული განცხადების გავრცელება. ეს განცხადება გავრცელდა ერთი წლის წინ 2019 წლის 18 მისს და მას შემდეგ არაერთმა წყარომ, არაერთმა პირმა საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია გაავრცელა, გაიმეორა.

ვერ იქნება მიჩნეული ვერც ერთ შემთხვევაში, რომ მაია მამულაშვილმა ეს განცხადება მოახდინა, რომელმაც თავის მხრივ კახა კალაძის პატივისა და ღირსების შელახვა შეძლო.

ეს არის დაუსაბუთებელი მოთხოვნა და მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ, უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, რაც ტელევიზიას დიდი წნეხის ქვეშ დააყენებს,“ — განმარტავს ადვოკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი