ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკვე ორი კვირაა ითხოვენ და ამჟამად თბილისშიც ატარებენ აქციას, ხვალ, 20 ივნისს, დამსაქმებლის – „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისთან აპირებენ მსვლელობის მოწყობას.
მაღაროელების ცნობით, აქცია/მსვლელობა ხვალ, ექვს საათზე გაიმართება.
ისინი თბილისის მაცხოვრებლებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ აქციას.
ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს, პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებები მიიყენა.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.
„ჯორჯიან მანგანეზი“, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, გუშინ, დასაქმებულებთან შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.
მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას დღეს უერთდებიან სხვა მოქალაქეებიც.